ახალი ამბები

პროკურატურასთან აქციაზე გიგა მაქარაშვილი დააკავეს

3 ივნისი, 2021 • 1061
პროკურატურასთან აქციაზე გიგა მაქარაშვილი დააკავეს

პროკურატურასთან გამართულ აქციაზე აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი დააკავეს. მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პროკურატურასთან მაქარაშვილი რამდენიმე პოლიციელს გაჰყავს, მაქარაშვილი კი ხელებაწეული მიჰყვება სამართალდამცავებს.

შსს-ს ცნობით, მაქარაშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის უცნობია მუხლი, რომლის დაფუძველზეც აქტივისტია დაკავებული.

სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები პროკურატურასთან ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები ითხოვენ სახალხო დამცველის წარმომადგენლების შეუფერხებელი ვიზიტის უზრუნველყოფას ნინოწმინდის პანსიონატში. ამასთან, აქციის მონაწილეებს კითხვები აქვთ ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც 2016-2021 წლებში პანსიონზე გამოძიება 4 საქმეზეა დაწყებული. აქედან ერთი — სავარაუდო გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი, ძალადობის.

აქციის ინიციატორია მოძრაობა “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია.

უკვე მე-2 დღეა “ნეტგაზეთი” მიმდინარე გამოძიებებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება შსს-სგან ცდილობს, თუმცა უწყება ამ დრომდე დუმილს ინარჩუნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი