ახალი ამბები

საპატრიარქო: მოვუწოდებთ შსს-ს, გაასაჯაროოს ნინოწმინდასთან დაკავშირებული საქმეები

3 ივნისი, 2021 • 964
საპატრიარქო: მოვუწოდებთ შსს-ს, გაასაჯაროოს ნინოწმინდასთან დაკავშირებული საქმეები

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გაასაჯაროოს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებული საქმეები და აცხადებენ, რომ აღნიშნულის შესახებ მათთვის ცნობილი გახდა ომბუდსმენის განცხადების შემდეგ:

“სახალხო დამცველის განცხადებიდან ჩვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც ახლახან ცნობილი გახდა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები.

მივმართავთ შსს-ს შესაბამის სამსახურს, გაასაჯაროოს აღნიშნული საქმეები, რათა არავისთვის არაფერი იყოს დაფარული და ადგილი არ ჰქონდეს სხვადასხვა სპეკულაციას”, – აცხადებენ საპატრიარქოში.

უკვე მეორე დღეა, შინაგან საქმეთა სამინისტრო დუმს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მიმდინარე გამოძიებებზე. უწყებას ნეტგაზეთმაც მიმართა, მაგრამ -უშედეგოდ.

გუშინ, 2 ივნისს, სახალხო დამცველმა უწყებებიდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში 4 საქმეზე გამოძიებაა დაწყებული. აქედან ერთი  — სავარაუდო გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი ძალადობის.

პროკურატურის ცნობით, ამ საქმეებს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს, თუმცა ამ დრომდე [3 ივნისი 15:16 საათი] შინაგან საქმეთა სამინსიტროს დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია. უწყებაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ სიახლის შემთხვევაში თავად დაგვიკავშირდებიან.

რა ხდება ნინოწმინდაში

გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.

ჯერჯერობით სახელმწიფო დუმს. ეკლესია ომბუდსმენს არ აძლევს უფლებას პანსიონატში შევიდეს. ამასთანავე, 2 ივნისს სახალხო დამცველმა გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთი – გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი ძალადობის.

არსებული ინფორმაციით, პანსიონში 150-მდე ბავშვი ცხოვრობს. ამასთანავე, სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიონში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიონში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც.

მას შემდეგ, რაც მედიაში ნინოწმინდის პანსიონის შესახებ ცნობები გავრცელდა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ თქვა, რომ დაწესებულებაში სოციალური მუშაკები შეუშვეს.

19 მაისს სახალხო დამცველმა კიდევ განცხადება გაავრცელა, რომ ნინოწმინდის პანსიონში აპარატის წარმომადგენლები ისევ არ შეუშვეს. ამ დრომდე [3 ივნისი] სახალხო დამცველი დაწესებულებაში ვერ შედის.

აპარატის თქმით, არშეშვების კიდევ ერთი ფაქტი აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს გაეროს მიერ დაკისრებულს ვალდებულებას და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

ამის პარალელურად, პანსიონში შეუშვეს ულტრანაციონალისტური განწყობების მამა-შვილი ფალავანდიშვილები, დიმიტრი ლორთქიფანიძე და „ალტ-ინფო“. რამდენიმე დღის წინ პანსიონი მოინახულა მიტროპოლიტმა სერაფიმემ (ჯოჯუა), რომელსაც არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი