ახალი ამბები

თუ სააკაშვილი არჩევნებში ჩაერევა, უკრაინასთან განვიხილავთ – ზალკალიანი

3 ივნისი, 2021 • 1350
თუ სააკაშვილი არჩევნებში ჩაერევა, უკრაინასთან განვიხილავთ – ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის თქმით, თუ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის თვითმართველობის არჩევნებში ჩაერევა, ამას უკრაინულ მხარესთან განიხილავენ.

მისი თქმით, უკრაიანა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან და ერთმანეთის სახელმწიფოებრიობას და კანონებს პატივი უნდა სცენ.

“როდესაც ჩარევა ხდება სხვა ქვეყნის საქმიანობაში, მათ შორის, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა, ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელი იყო.  ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს და მეგობარს ეს ვუთხარით. ეს არის ნაბიჯი, რომელიც მიღებულია დიპლომატიურ პრაქტიკაში[…]

მათი პოზიციაა, რომ ის[მიხეილ სააკაშვილი] არ ახდენს გავლენას უკრაინის პოლიტიკის ფორმირებაზე საქართველოსთან მიმართებაში, მას არ აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებაში ის თანამდებობა, როგორსაც ცდილობდნენ, რომ წარმოეჩინათ, აქვს მხოლოდ მრჩევლის ფუნქცია. ჩვენთვის მთავარია, არ იყოს ჩვენი კანონმდებლობის დარღვევა[…] [თუ სააკაშვილი ჩაერევა თვითმმართველობის არჩევნებში], ამას ჩვენ შესაბამისად განვიხილავთ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან. მოვუწოდებ ყველას, პატივი სცენ საქართველოს კანონმდებლობას და ჩვენს სახელმწიფოებრიობას”, – განაცხადა ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის 8 მაისს განაცხადა, რომ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე უკრაინიდან თბილისში კონსულტაციებისთვის გამოიწვია.

ეს გადაწყვეტილება უკავშირდებოდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილს სააკაშვილის უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას. ეს კომიტეტი რეფორმების ეროვნული საბჭოს ნაწილია. ელჩი უკრანაიში მხოლოდ 1 წლის შემდეგ დააბრუნეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი