ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ხაბიბი ზაფხულში საქართველოში ჩასმოსვლას აპირებს” – მერაბ დვალიშვილი

3 ივნისი, 2021 • 1999
“ხაბიბი ზაფხულში საქართველოში ჩასმოსვლას აპირებს” – მერაბ დვალიშვილი

UFC-ის ქართველი მებრძოლის, მერაბ დვალიშვილის განცხადებით, ხაბიბ ნურმაგომედოვი საქართველოში ჩამოსვლას ზაფხულში აპირებს.

დვალიშვილმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეოში ისაუბრა.

“ის რამოდენიმე კარგი პროექტის განხორციელებას აპირებს ჩემს ქართველ მეგობრებთან ერთად. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ნეგატიური საუბარი მიდის მასზე, მას ეს არ ეკუთვნის.

მან დაანება სპორტს თავი, მაგრამ ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებს და აპირებს კიდევ, მათ შორის საქართველოშიც, რაც წაადგება ჩვენს ქვეყანაში MMA-ს განვითარებასა და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობის გაზრდას”, – განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.

მანმდე ჯერ აფხაზურენოვან და შემდეგ ქართულ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ UFC-ის ჩემპიონი და MMA-ს პრომოუტერი ხაბიბ ნურმაგომედოვი სოხუმში პირველ ივნისს ჩავიდოდა, სადაც დინამოს სტადიონზე ახალგაზრდა ათლეტებისთვის მასტერკლასს ჩაატარებდა.

მოგვიანებით, დე ფაქტო რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტმა, ნურმოგამედოვის მენეჯერზე, რიზვან მოგამედოვზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაღესტნელი მებრძოლი სოხუმში აღარ ჩავიდოდა.

კომიტეტის განცხადებით, ვიზიტი გაუქმდა “აშშ-ის და საქართველოს მხრიდან სანქციებით ზეწოლის” გამო. მისი ინფორმაციით, ამაში მოიაზრება “პირდაპირი მუქარა” ამერიკის ვიზის გაუქმების, UFC—ში სპორტული საქმიანობის შეზღუდვის, ასევე, აშშ-ში კონტრაქტების ანულირების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი