ნეტგაზეთი | ხაბიბ ნურმაგომედოვი აფხაზეთში აღარ ჩავა ხაბიბ ნურმაგომედოვი აფხაზეთში აღარ ჩავა – Netgazeti
Batumelebi | RU

ხაბიბ ნურმაგომედოვი აფხაზეთში აღარ ჩავა

UFC-ის ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი აფხაზეთში აღარ ჩავა. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტი ნურმოგამედოვის მენეჯერზე, რიზვან მოგამედოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე არსებული გეგმების მიხედვით, UFC-ს ჩემპიონი სოხუმში უნდა ჩასულიყო და ახალგაზრდა ათლეტებისთვის მასტერკლასი ჩაატარებინა.

თუმცა, კომიტეტი ამბობს, რომ ვიზიტი გაუქმდა “აშშ-ს და საქართველოს მხრიდან სანქციებით ზეწოლის” გამო. მისი ინფორმაციით, ამაში მოიაზრება “პირდაპირი მუქარა” ამერიკის ვიზის გაუქმების, UFC—ში სპორტული საქმიანობის შეზღუდვის, ასევე, აშშ-ში კონტრაქტების ანულირების შესახებ.

ამავე განცხადების თანახმად, სანამ გეგმები შეიცვლებოდა, ნურმაგომედოვმა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს სატელეფონო საუბრისას დაუდასტურა, რომ გეგმავდა სოხუმში ჩასვლას.

ხაბიბ ნურმაგომედოვი დაღესტნელი ავარელი მებრძოლია და ბრძოლებში რუსეთის სახელით გამოდის.

მებრძოლი საქართველოში 2018 წელს იმყოფებოდა.

იმ შემთხვევაში, თუ ის აფხაზეთს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ეწვეოდა, დაარღვევდა საქართველოს ოკუპაციის კანონს, რის შემდეგაც ქვეყანაში შემოსვლას ვეღარ შეძლებდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან