ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

3 ივნისი, 2021 • 1084
ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინელ კოლეგას, დენის შმიგალს შეხვდა. ღარიბაშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ უკრაინის პრემიერს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა და შეხვედრის შემდეგ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც საქართველოსა და უკრაინის უერთიერთობაზე ისაუბრეს.

მათ ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობის მნიშვნელობას და სხვადახვა სფეროში სამომავლო თანამშრომლობას.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა,  შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ორი ქვეყნის ევროკავშირისკენ სწრაფვა და ნატოში ინტეგრაცია იყო.

“ჩვენი შეხვედრის ერთ ერთი მთავარი საკითხი იყო ჩვენი სწრაფვა ევროკავშირისკენ. რა თქმა უნდა, ორივე ქვეყანა არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ჩვენ ამ საკითხზე, ბუნებრივია, ძალიან ბევრი ვისაუბრეთ.

მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე წლის 17 მაისს საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ხელი მოაწერა მემორანდუმს „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების შესახებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადია.

ჩვენ ასევე განვიხილეთ საქართველოსა და უკრაინის ნატოში ინტეგრაციის საკითხებიც. ორივე ქვეყანა ასევე ვართ ძალიან მოტივირებული, რომ ძალიან მალე გავხდეთ ნატოს სრულფასოვანი წევრები. მოგეხსენებათ, რომ ბუქარესტის სამიტზე მოკავშირეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები და წლების მანძილზე ჩვენმა ქვეყნებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს ამ გზაზე“, –  აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, უკრაინელ კოლეგასთან შეშფოთება გამოხატა ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო გააქტიურების გამო.

„უკრაინას და საქართველოს აქვს ძალიან  ბევრი საერთო გამოწვევა, საერთო ინტერესები და ჩვენ დღეს განვიხილეთ არაერთი საკითხი, რომელიც ეხება როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე მრავალმხრივ ურთიერთობებს. რა თქმა უნდა, ჩვენ გაგვაჩნია საერთო გამოწვევები და პრობლემა, როგორიც არის რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეები და ოკუპაციის მძიმე შედეგები. ჩემს კოლეგასთან, რა თქმა უნდა, გამოვხატე ჩვენი ღრმა შეშფოთება უკრაინის საზღვრებთან, დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო გააქტიურების გამო. მე მას დავუდასტურე ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, უკრაინა საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია და ორი ქვეყნის მთავარი ამოცანაა, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის სავაჭრო ბრუნვა გაორმაგდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი