ახალი ამბები

ხაზარაძე გვენეტაძეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობიდან გადადგომისკენ მოუწოდებს

2 ივნისი, 2021 • 862
ხაზარაძე გვენეტაძეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობიდან გადადგომისკენ მოუწოდებს

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს მოუწოდებს, თანამდებობიდან გადადადგეს. ამის შესახებ ხაზარაძემ პარლამეტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკის 2020 წლის ანგარიშს უსმენენ.

ხაზარაძის თქმით, გვენეტაძეს მისი ამჟამინდელი ანაზღაურებით არცერთი ბიზნესი არ დაიქირავებდა, რადგან მისი საქმიანობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე უშედეგოა.

“ჩვენ როცა ვსაუბრობთ შედეგებზე, აუცილებლად შეფასება მიეცემა ეროვნული ბანკის მუშაობას, უნდა შეფასდეს დადებითად ან უარყოფითად, ან მადლობა გადავუხადოთ და ვუთხრათ, რომ ასე გააგრძელოს მუშაობა, ან პირიქით, საყვედური უნდა გამოვუცხადოთ და ა.შ. ამიტომ, მოდით, შევთანხმდეთ შეფასების კრიტერიუმზე, როგორ უნდა შეფასდეს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მენეჯერი ქვეყანაში, რომელსაც ვუხდით ფულს და რომელიც თანამშრომლებს ამ კრიზისულ პერიოდში 5 მილიონ პრემიებს უწერს. გავმეორდები, რომ კარგად გაიგოს მოსახლეობამ, ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მენეჯერი იწერს პრემიას იმ შედეგების შემდეგ, რომელსაც ახლა მოგახსენებთ”, – განაცხადა ხაზარაძემ.

ხაზარაძის თქმით, საქართველოში არ არსებობს არანაირი არხი ბიზნესისთვის, რომ მოიძიონ ფული საკუთარი საქმიანობისთვის.

“გამოვყოფ სამ საკითხს: პირველი- ლარის კურსი, რომელიც ბატონი გვენეტაძის ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის დროს 40%ზე მეტად გაუფასურდა. ეს თქვენი საქმეა, ბატონებო, და ნუ იტყვით, რომ ლარის სიმყარე თქვენ არ გეხებათ.
მეორე, როდესაც ლაპარაკია შოკებზე, პირველი შოკი უნდა ეძებოთ ეროვნული ბანკის მმართველობაში. მეორე საკითხი ეს არის ინფლაციის დონე. თქვენ თუ იძახით, რომ ინფლაციის დონე არის ეროვნული ბანკის ამოცანა, თქვენ ინფლანციის დონე გაგექცათ სასწაულად. ვერ აკონტროლებთ ვერანაირ სამომხმარებლო ფასებს და ინფლაციის დონე დღეს ქვეყანაში გაქცეულია 7%ზე მეტად.
მესამე საკითხი – თქვენ, როგორც რეგულატორი, ამავე დროს უწევთ რეგულაციას, კაპიტალის ბაზარს. გრძნობთ თუ არა ინტერესთა კონფლოქტს. იმიტომ, რომ ერთი მხრივ, იყო რეგულატორი საფინანსო საკრედიტო რეგულაციების, მეორე მხრივ კი, კაპიტალის ბაზრის, რომელიც პირდაპირპროპორციული უნდა იყოს საბანკო სისტემის.

საქართველოში არ არსებობს არანაირი არხი ბიზნესისთვის, რომ მათ მოიძიონ ფული საკუთარი საქმიანობისთვის. ეს პირველ რიგში იწვევს საკმაოდ დიდ უკმაყოფილებას, არცერთი კომპანია კაპიტალიზირებული არ არის საქართველოში და აქედან გამომდინარე მიჩნდება კითხვა – რა გააკეთეთ იმისათვის, რომ საფონდო ბირჟაზე, სადაც 2000 ლარის გარიგება იყო სულ რაღაც 8 თვის განმავლობაში და ძალიან გთხოვთ, არ მითხრათ , რომ ფონდები ივაჭრება. ფონდები არ არის ფასიანი ქაღალდები და შეცდომაში არ შეიყვანოთ მსმენელი. ლაპარაკია კორპორაციების მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებზე.

პრაქტიკულად თქვენ ეს მიმართულება მოკალით და ქვეყანაში არანაირი პერსპექტივა არ არსებობს იმისათვის, რომ საერთაშორისო ბიზნესმა ან თუნდაც ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა კომპანიების მფლობელობაში.
ბოლოს დასკვნის სახით მინდა გითხრა, რომ ასეთი ანაზღაურების მენეჯერს ვერც ერთი და არცერთი კერძო ბიზნესი არ დაიქირავებს იმ შედეგების მიხედვით, რომელსაც თქვენ დებთ.
მოგიწოდებთ, პასუხისმგებლობა გამოიჩინოთ და გადადგეთ იმ თანამდებობიდან, რომელსაც იკავებთ ყოველგვარი შედეგის გარეშე”,- განაცხადა ხაზარაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი