ახალი ამბები

ტაქსის მძღოლის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტი 18 წლის გოგომ ვიდეოზე გადაიღო

2 ივნისი, 2021 • 12028
ტაქსის მძღოლის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტი 18 წლის გოგომ ვიდეოზე გადაიღო

18 წლის მარიამ ბეგიაშვილმა ტაქსის მძღოლის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტის გადაღება ვიდეოკამერით შეძლო.

ქალმა ნეტგაზეთს თავისი გამოცდილება გაუზიარა და უთხრა, რომ შემთხვევა დაახლოებით 4 დღის წინ მოხდა, როდესაც თემქიდან ორთაჭალის მიმართულებით ტაქსი გამოიძახა.

ქალი გვიყვება, რომ ტაქსი გამოიძახა: „ყოველთვის უფრო მშვიდად ვარ, როდესაც ვიძახებ ტაქსის. მოგეხსენებათ, თემქიდან ორთაჭალამდე დიდი გზაა. მანქანა დაძრა თუ არა, მკითხა, რა გქვიაო“.

ქალი იხსენებს, რომ ამ კითხვის შემდეგ კაცმა სულ უფრო და უფრო უხერხული და პირადი შინაარსის კითხვების დასმა დაიწყო, შემდეგ კი თქვა:

„მარიამ, რა მაგარი ძუძუები და ტრაკი გაქვსო, რომ გამოხვედი, „გადამეკეტაო“… ძალიან შემეშინდა.. საღამოს 9 საათია, ბნელა, მარტო ვზივარ მანქანაში.. რამდენჯერმე ახსენა ჩემი სხეულის ფორმა, დეტალურად აპელირებდა. რაღაც მომენტის შემდეგ კი მითხრა, რომ მისთვის ჩემი სოციალური ქსელების მისამართები უნდა მიმეცა. მანდ უეჭველი შიშველ ფოტოებს დებ და მინდა გიყუროო. არ გავეცი პასუხი თავიდან, არ მომეშვა, შემდეგ კი ვუთხარი, რომ სოციალური ქსელების ანგარიშები, უბრალოდ, არ მაქვს“, — იხსენებს მარიამ ბეგიაშვილი.

როგორც მარიამი იხსენებს, კომენტარები და შევიწროება მთელი გზის განმავლობაში არ შეჩერებულა. ამბობს, რომ ძალიან ეშინოდა, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ კაცი მისთვის უცნობი გზებით დადიოდა. ამ პერიოდში კაცი მას მუხლზეც შეეხო და მის გვერდით გადაჯდომა შესთავაზა.

„სრულ პანიკაში ვიყავი… იმდენად შეშინებული ვიყავი, ვერაფერი მოვიმოქმედე. არ მინდა-მეთქი, აკანკალებული ხმით ვუთხარი”, — ამბობს ქალი. მისივე თქმით, როცა სახლისკენ მიმავალი გზა ამოიცნო, ძალა მოიკრიბა და ვიდეოჩამწერი ჩართო.

ვიდეო, რომელიც ქალმა მძღოლს გადაუღო, რამდენიმეწუთიანია.

„მაინც სუპერფეხები გაქვს და სუპერძუძუები“ ,— ისმის კაცი ხმა ვიდეოში, რაზეც მარიამ ბეგიაშვილი პასუხობს, რომ მისი საქციელი, სულ მცირე, არაეთიკური და მიუღებელია.

ვიდეოს განმავლობაში მძღოლი ცდილობს, თავი გაიმართლოს და შევიწროებას კომპლიმენტად აფასებს. მარიამ ბეგიაშვილი კი პასუხობს:

„ზედმეტი მოწონება შეიძლება დავიმსახურო, მაგრამ მამაჩემის ასაკის კაცი არ უნდა მეუბნებოდეს, კაი ძუძუები გაქვს და მოდელი უნდა იყოო. ძალიან არასწორია, საფრთხეს წარმოადგენთ ადამიანებისთვის. მე 18 წლის ვარ, ჩემზე უმცროსი გოგოც შეიძლება ჩაგიჯდეთ და მან პასუხი ვერ გაგცეთ.“

მარიამ ბეგიაშვილი ნეტგაზეთს უყვება, რომ ინციდენტის შემდეგ დაუკავშირდა ტაქსის კომპანიას, სადაც უთხრეს, რომ მძღოლს გაათავისუფლებდნენ. შემდეგ კი თემქის პოლიციის განყოფილებაში შესაბამისი განცხადება დაწერა. მისივე ინფორმაციით, კაცის სასამართლო დღეისთვისაა ჩანიშნული.

ნეტგაზეთმა ამ საკითხზე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც, უწყებისგან პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია.

„იმიტომ გადავწყვიტე ამ თემის გასაჯაროება, რომ სხვისთვის მოტივაცია მიმეცა. მე ძალიან შემეშინდა, მაგრამ რაღაც მომენტში შევძელი ძალების მოკრება, შეიძლება სხვამ ეს ვერ გააკეთოს.

მინდა უფრო საჯარო გახდეს ეს თემა, ერთი მოძალადის შესახებ რომ გაიგებს ქვეყანა და დაისჯება ერთი მაინც…საკუთარ თავთან ვიქნები მართალი და კარგი პრეცედენტი შეიქმნება“ ,— ამბობს მარიამ ბეგიაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი