ახალი ამბები

ნატოში პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები, საქართველო მზადაა წევრობისთვის — სამხარაძე

1 ივნისი, 2021 • 801
ნატოში პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები, საქართველო მზადაა წევრობისთვის — სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ სენატორ ჯინ შაჰინის ხემძღვანელობით კონგრესის დელეგაციის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტისას ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველოს ნატოში ინტეგრაცია იქნება.

სამხარაძის თქმით, საქართველო ალიანსში გაწერვიანებისთვის მზად არის და ნატომ საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით უკვე უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება.

“სავარაუდოდ, ჩვენ ვისაუბრებთ საქართველოში არსებულ შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე, ასევე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე და ასევე, ჩვენს განაცხადზე, რომ რაც უფრო მეტად დაჩქარდება ჩვენი ქვეყნის ნატოში ინტეგრაცია და ასევე ევროკავშირში ინტეგრაცია, მით უფრო კარგი იქნება ეს ზოგადად ეროვნული და რეგიონული უსაფრთხოებისთვის.

რა თქმა უნდა, ამ ვიზიტისას ასევე აქცენტი გაკეთდება ნატოში საქართველოს ინტეგრაციაზე, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვთვლით, რომ ნატოში არის უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილება მისაღები საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ საქართველო მზად არის, ნატოს წევრი იყოს”, — განაცხადა სამხარაძემ.

ნატოს მოახლოებულ სამიტთან დაკავშირებით სენატორებთან  საუბარს აპირებს ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი სალომე სამადაშვილიც.

ჩვენ დროს ვფლანგავთ და, როგორც ჩანს, ნატოს მოახლოებულ სამიტზე, სამწუხაროდ, არაფერი საინტერესო წინადადების სახით ჩვენი ქვეყნისთვის არ იქნება. სენატორებთან ვაპირებ საუბარს როგორც ნატოს სამიტზე, ასევე, ბაიდენის და პუტინის დაგეგმილ შეხვედრაზე”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ნატოს სამიტი ბრიუსელში 14 ივნისს უნდა ჩატარდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი