ნეტგაზეთი | მეტი ქალაქის დამეგობრება EU-ში წევრობის განაცხადს შეუწყობს ხელს — დეპუტატი გერმანიის ელჩს მეტი ქალაქის დამეგობრება EU-ში წევრობის განაცხადს შეუწყობს ხელს — დეპუტატი გერმანიის ელჩს – Netgazeti
Batumelebi | RU

მეტი ქალაქის დამეგობრება EU-ში წევრობის განაცხადს შეუწყობს ხელს — დეპუტატი გერმანიის ელჩს

პარლამენტში “ქართული ოცნების” დეპუტატის, ზაზა ლომინაძის განცხადებით, საქართველოსა და გერმანიის დამეგობრებული ქალაქების რიცხვის გაზრდა ხელს  შეუწყობს 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს განაცხადს.

ამის შესახებ დეპუტატმა დღეს, პირველ ივნისს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს, მოუსმინეს.

“ჩემი შეკითხვა შეეხება ქართულ-გერმანული ცენტრების, დამეგობრებული ქალაქების პრობლემებს, რაც არსებობს, და იმ საქმეს, რასაც ეს ქალაქები აკეთებენ ურთიერთმეგობრული და დახმარების თვალსაზრისით. იცით, რომ საქართველოსა და გერმანიის არაერთ ქალაქს აქვს დამეგობრების ხელშეკრულებები. ასევე, ის გაცვლითი პროგრამები, რაც არსებობს სტუდენტებს შორის.

რას ფიქრობთ თქვენ, როგორ შეიძლება ეს სფერო გავაფართოოთ, უფრო მეტი გერმანული ქალაქი დაუმეგობრდეს საქართველოს ქალაქებს და რა სფეროების დამატებას ფიქრობთ დამეგობრების თვალსაზრისით? მოგეხსნებათ, რაც მეტი ქალაქი და ჩვენი ქვეყნების მოქალაქეები იქნებიან დამეგობრებული, მით მეტად ხელს შეუწყობას 2024 წლისთვის განაცხადის გაკეთებას და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერას”, — განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი