ახალი ამბები

გახარია 20 ივნისზე: მე და პოლიტიკური თანამდებობის პირებს ეს ამნისტია არ გვჭირდება

31 მაისი, 2021 • 1133
გახარია 20 ივნისზე: მე და პოლიტიკური თანამდებობის პირებს ეს ამნისტია არ გვჭირდება

ექსპრემიერი გიორგი გახარია სატელევიზიო მედიასთან გამართულ შეხვედრაზე აცხადებს, რომ არ უჭერს მხარს 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის კანონის მიღებას, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით მომზადებული შეთანხმების დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტია.

გახარია ამბობს, რომ მას და პოლიტიკური თანამდებობის პირებს ეს ამნისტია არ სჭირდებათ და ოცნებას იმის გამო აკრიტიკებს, რომ “შტურმის ორგანიზატორებმა იმუნიტეტი შეიძინეს”:

“ჩემთვის, მაგალითად, ის, რომ შეთანხმების საგანი არის ამნისტია, კატეგორიულად მიუღებელია. მე დღეს ამნისტიას, რა თქმა უნდა, მხარს არ დავუჭერ იმიტომ, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებს და მე ეს ამნისტია არ გვჭირდება. “ოცნებამ” მიაღწია იმას, რომ 20 ივნისის შტურმის ორგანიზატორები დღეს შეიძლება გახდნენ ამნისტირებულები. მათ ვიღაცამ სამუდამო იმუნიტეტი შესძინა იმიტომ, რომ თურმე პოლიტიკური მართლმსაჯულების ნაწილი გახდა ნიკა მელია, რომელიც პირდაპირ მოუწოდებდა ადამიანებს პარლამენტის შტურმისკენ.

როგორ წარმოგიდგენიათ, დღეს თქვენ 20 ივნისზე მართლმსაჯულების აღსრულება. ადამიანების მიმართ, რომლებიც შტურმის ორგანიზატორები იყვნენ და მასში მონაწილეობდნენ, დაახლოებით 14-15 ადამიანი ბრალდებულია, რომლებიც პოლიტიკური ლიდერების მოწოდებით ამ შტურმის ნაწილი იყვნენ. იმ ადამიანებს კი, რომლებიც ამ შტურმის ორგანიზატორები იყვნენ, “ოცნებამ” ამნისტია აჩუქა”, – ამბობს გიორგი გახარია.

2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე პარლამენტში ამნისტიის ორი კანონპროექტი დარეგისტრირდა. “ქართული ოცნების” მიერ მომზადებული ამნისტიის კანონპროექტით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

“ოცნების” კანონპროექტს პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა მხარი.

20 ივნისის საქმეზე ამჟამად ბრალი 3 პოლიციელს აქვს წარდგენილი. გამოძიება მათ სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება — სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით ან იარაღის გადამეტებით.

რაც შეეხება ნიკა მელიას, მას 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მონაწილეობაში ედება ბრალი.

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ” ოცნების” მიერ ინიცერებული ამნისტიის კანონპროექტი

მასალების გადაბეჭდვის წესი