ახალი ამბები

მე დღეს კონკრეტულ კორუფციულ ქეისებზე არ ვილაპარაკებ – გახარია

31 მაისი, 2021 • 735
მე დღეს კონკრეტულ კორუფციულ ქეისებზე არ ვილაპარაკებ – გახარია

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ახლა უკვე პოლიტიკური მოძრაობის “საქართველოსთვის” თავმჯდომარე კორუფციას ქვეყნის ყველაზე დიდ გამოწვევად ასახლებს, თუმცა კონკრეტულ კორიფციულ შემთხვევებს არ ასახელებს.

გახარიას ტელევიზიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას ჰკითხეს, სად დაინახა მან კორუფცია. ყოფილი პრემიერის თქმით, კორუფცია სისტემური პრობლემაა.

“დღეს სახელმწიფოს ყველაზე დიდი გამოწვევა არის სუსტი ინსტიტუტები. როდესაც ქვეყანას აქვს სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტები, კორუფციული რისკები და ნეპოტიზმი არის უკვე სისტემური პრობლემა. ეს არ არის კონკრეტული კორუფციული ქეისების და შემთხვევების პრობლემა, ეს არის პრობლემა, რომელიც ხელს უშლის სახელმწიფოს მშენებლობას და განვითარებას. სისტემური თემა არის. თქვენ თუ გგონიათ, რომ მე ამაზე მარტო გუშინ დავიწყე ლაპარაკი, არა. ომბუდსმენობიდან დაწყებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ყოველთვის იყო კორუფცია და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. ნეპოტიზმს რაც შეეხება, ინტერესის გულისთვის შეგიძლიათ ჩემ ირგვლივ ან ჩემს გუნდში ერთი ადამიანი მაინც იპოვოთ, რომელიც რაღაცნაირად არის ჩემთან დაკავშირებული და ამ ნიშნით იყო სადმე დანიშნული, არასდროს არ ყოფილა. უბრალოდ, მე ყოველთვის ვთვლიდი, რომ ეს არაგონივრული ნაბიჯია. ნებისმიერ დონის მენეჯერისთვის ეს არის ელემენტარული წესები”, – განაცხადა გახარიამ.

გახარიას თქმით, სწორედ კორუფციასთან ბრძოლისთვის, გადადგოგამდე ცოტა ხნით ადრე, მოითხოვა ანტიკორუფციული საბჭოს გადმოტანა იუსტიციის სამინისტროდან პრემიერის დაქვემდებარაბაში.

“გარდა ამისა, უკვე მოსამზადებული სამუშაოების დონეზე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან დაწყებული გვქონდა საუბრები, რომ კორუფციული საქმეების გამოძიების მექანიზმებია დასახვეწი. არის შესაქმნელი ერთიანი საგამოძიებო სისტემა. დღეს ეს ყველაფერი გადანაწილებულია ბევრ სხვადასხვა უწყებაში. ეს სისტემური საკითხია[…] ეს ყველაფერი მე დაწყებული მქონდა. ეს არ არის რაღაც ისეთი საკითხები, რომელზეც მე გუშინ დავიწყე და მე ეს ნამსჯელი და განხილული მქონდა კოლეგებთან და გუნდათან ერთად. თქვენ თუ გინდათ, რომ მე დღეს კონკრეტულ კორუფციულ ქეისებზე მალაპარაკოთ, არ ვილაპარაკებ. იმიტომ, რომ ჩემთვის ეს არის სისტემური პრობლემა”, — განაცხადა გახარიამ.

კითხვაზე, მიუღია თუ არა, როგორც პრემიერს, დამოუკიდებელი გადაწყვეტილება კონკრეტული კორუფციული ფაქტის აღსაკვეთად, გახარია პასუხობს:

“ბევრჯერ, რისკების შეფასების დროს, ისევე, როგორც ბიზნესომბუდსმენობის დროს”, – ამბობს გახარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი