ახალი ამბები

“სინოვაკზე” რეგისტრაციისთვის თბილისში ადგილები 1 ივნისს დაემატება — გამყრელიძე

31 მაისი, 2021 • 1166
“სინოვაკზე” რეგისტრაციისთვის თბილისში ადგილები 1 ივნისს დაემატება — გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის “სინოვაკით” აცრილია დაახლოებით 5 000 ადამიანი და ჯავშანი გაკეთებული აქვს 15 000-ს, თუმცა მარაგი არის, დაახლოებით, 50 000 პირველი აცრისთვის.

“ყველას, ვისაც სურს, შეუძლიათ, “სინოვაკზე” ჩაეწერონ. ვიცი, რომ თბილისში ადგილებთან დაკავშირებით პრობლემები იყო, მაგრამ ადგილები ხვალიდან კიდევ დაემატება, ადამიანებს გაუადვილდებათ ჩაწერა. ასევე, გარკვეული ჯგუფებისთვის, რასაც ესენციურ ჯგუფებს ვუწოდებთ, იქნება ორგანიზებული აცრები. ასე რომ, ივნისის პერიოდში ძირითადი აქცენტი იქნება “სინოვაკზე”, ხოლო “სინოფარმის” დიდი პარტია შემოვა ივნისის ბოლოს”, — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება “ფაიზერს”, გამყრელიძის თქმით, მას ქვეყანა მესამე კვარტალში მიიღებს.

თბილისში ჩინური წარმოების “სინოვაკის” ვაქცინის ყველა ჯავშანი რეგისტრაციის გახსნის დღესვე შეივსო. ჯავშნები ამ დროისთვის ხელმისაწვდომია რეგიონებში. საქართველომ “სინოვაკის” 100 000 დოზა “სინოფარმის” ამდენივე დოზის ყიდვისას ჩინეთისგან უსასყიდლოდ მიიღო. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა 21 დღის ინტერვალით კეთდება.

უწყების განცხადებით, ოფიციალური მონაცემებით, სხვადასხვა ქვეყნისთვის მიწოდებულია 260 მლნ დოზა სინოვაკის ვაქცინა.

აცრაზე რეგისტრაციისთვის დაჯავშნეთ დრო სასურველ კლინიკაში ვებ გვერდზე Booking.moh.gov.ge, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე – 1522

აღნიშნულ ვაქცინას, “სინოფარმისგან” განსხვავებით, ჯერჯერობით არ აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია.

თბილისში “სინოვაკის” ვაქცინის ყველა ჯავშანი შეივსო

 

მასალების გადაბეჭდვის წესი