ახალი ამბები

პარლამენტში დაინახავენ, რას ნიშნავს ოპოზიციაში ყველაზე უკან ყოფნა – თალაკვაძე ენმ-ზე

31 მაისი, 2021 • 1104
პარლამენტში დაინახავენ, რას ნიშნავს ოპოზიციაში ყველაზე უკან ყოფნა – თალაკვაძე ენმ-ზე

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამად ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ენმ-ის პარლამენტში შესვლას ეხმაურება და ამბობს, რომ 7-თვიანი ბოიკოტით  სახელმწიფოს დრო და ენერგია დააკარგვინეს.

მისი თქმით, პარლამენტში შესვლის შემდეგ ენმ დაინახავს, რას ნიშნავს ოპოზიციაში ყველაზე უკანა ადგილას ყოფნა.

“მათ თან უნდათ პარლამენტში ყოფნა, თან არ სურთ შეთანხმებაზე ხელის მოწერა და მესმის, ეს რითი არის განპირობებული. მათ მოატყუეს საზოგადოება და განსაკუთრებით, საკუთარი მხარდამჭერები, უთხრეს, რომ ერთადერთი, რაც ამ ქვეყანას სჭირდება, არის დესტაბილიზაცია, არჩევნებისთვის ძირის გამოთხრა, საბოტაჟი, ხელოვნური კრიზისი. 7 თვის შემდეგ საზოგადოებამ აღმოაჩინა, რომ ის, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” სთავაზობდა ქვეყანას, იყო ზუსტად ანტისახელმწიფოებრივი.

ეს გახლავთ ანტისისტემური პარტია, რომელიც მხოლოდ იმით იყო ამ თვეების გაბნმავლობაში დაკავებული, რომ როგორმე დაებლოკა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული პროცესი. ამით მათ ხელი შეუშალეს ქვეყნის განვითარებას, დააკარგვინეს სახელმწიფოს დრო და ენერგია. თუმცა კარგია, რომ ეს ხელოვნური კრიზისი დასრულებულია. ახლა პარლამენტში დაინახავენ, თუ რას ნიშნავს ოპოზიციაში ყველაზე უკანა ადგილას ყოფნა. იმიტომ, რომ ისინი ყველაზე ბოლოები შემოვიდნენ პარლამენტში”, — განაცხადა თალაკვაძე.

“ნაციონალური მოძრაობა-“ძალა ერთობაშიას” ბლოში შემავალმა პარტიებმა რამდენიმეთვიანი ბოიკოტის შემდეგ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება გუშინ, 30 მაისს მიიღეს. თუმცა შარლ მიშელის ეგიდით შემუშავებულ დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი