ახალი ამბები

ჩვენი მთავარი მიზანია, დავასრულოთ რადიკალური დაპირისპირება — გახარია

29 მაისი, 2021 • 739
ჩვენი მთავარი მიზანია, დავასრულოთ რადიკალური დაპირისპირება — გახარია

პოლიტიკური გაერთიანების “საქართველოსთვის” თავმჯდომარის, გიორგი გახარიას თქმით, მისი გუნდის მთავარი მიზანი საქართველოში “რადიკალური დაპირისპირების” დასრულებაა.

აღნიშნულზე გახარიამ ისაუბრა საპასუხოდ კითხვისა, შესაძლებელია თუ არა, რომ მისმა პოლიტიკურმა ძალამ “ქართულ ოცნებასთან” ითანამშრომლოს.

“ჩვენ როდესაც დავაფუძნეთ პოლიტიკური გაერთიანება, რა თქმა უნდა, ეს მოწყვეტილია მხოლოდ დღევანდელ პოლიტიკურ კონტექსტს. ეს არის მოწოდება და ჩვენი პოლიტიკური განაცხადი გრძელვადიანია.

…ჩვენი მთავარი მიზანია, ამ ქვეყანაში დავასრულოთ რადიკალური დაპირისპირება… რადიკალიზმი, ნებისმიერ სახის. ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მხრიდან მოდის ეს რადიკალიზმი…” — დასძინა მან.

დამაზუსტებელ კითხვას, არსებობს თუ არა მისი პარტიისა და “ოცნების” თანამშრომლობის შესაძლებლობა, გახარიამ უპასუხა:

“ჩვენ არ ვითანამშრომლებთ არავისთან, სადაც რადიკალურ ტენდენციებს დავინახავთ”.

გახარიამ ახალი პოლიტიკური გაერთიანება 29 მაისს დააფუძნა. პრეზენტაცია თბილისში, “ექსპო ჯორჯიაში” გაიმართა. მან პოლიტსაბჭოს წევრები წარადგინა, ისაუბრა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის მიზეზებზე და ახლად შექმნილი პარტიის ხედვებზე.

მედიასთან საუბრისას გახარიამ ქვეყნის მთავარ პრობლემებად სუსტი ინსტიტუტები, კორუფცია და ნეპოტიზმი დაასახელა.

გახარიამ მთავრობის მეთაურის პოსტი 2021 წლის თებერვალში დატოვა „ქართული ოცნების“ და მთავრობის სხვა ლიდერებთან შეუთანხმებლობის ფონზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას დაკავების საკითხთან დაკავშირებით.

გადავდექი იმიტომ, რომ პარტია დაშორდა მოქალაქეთა რეალურ პრობლემებს — გახარია

მასალების გადაბეჭდვის წესი