ახალი ამბები

ინციდენტი რიონის ხეობაში: პოლიციამ აქტივისტები გზის სავალი ნაწილიდან ძალით გადასწია

29 მაისი, 2021 •
ინციდენტი რიონის ხეობაში: პოლიციამ აქტივისტები გზის სავალი ნაწილიდან ძალით გადასწია

29 მაისის დილას რიონის ხეობაში, კომპანია “ენკას” ტექნიკურ ბაზასთან, ინციდენტი მოხდა. პოლიციამ ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე დემონსტრანტები გზის სავალი ნაწილიდან ძალით გადასწია, რათა კომპანიის ტექნიკას — მსუბუქ ავტომანქანებსა და ავტობუსს — გადაადგილების საშუალება მისცემოდა.

პოლიციის მოქმედებებს ხმაური მოჰყვა. ინციდენტის ამსახველ ვიდეოს ადგილზე მყოფი აქტივისტი ლაშა მესხი ავრცელებს. ვიდეოში მესხი ამბობს, რომ პოლიციელებს აქტივისტები არ გაუფრთხილებიათ და პირდაპირ გადავიდნენ მოქმედებაზე.

ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა მედიას განუცხადა, რომ ღამის განმავლობაში აქტივისტები, ძირითადად, სოფელ გუმათის შესასვლელთან იყვნენ მობილიზებულნი, რის გამოც პოლიციამ ბაზასთან მყოფი დემონსტრანტების მცირე ჯგუფი გზიდან მარტივად გადასწია.

“იყო მცდელობა ერთეული ტექნიკის გაყვანისა. ჩვენ მთელი ღამის განმავლობაში, ძირითადად, ბარიკადთან ვიყავით მობილიზებული და ვიწვევდით ხმაურს.

ზოგადად, რაც დავბრუნდით დედაქალაქიდან, ვიცით, რომ მომარაგებული ჰქონდა კომპანიას ტექნიკაც, საკვებიც და საწვავიც ხეობაში. ამიტომ, აქეთ არაფერი დასჭირვებიათ და საერთოდ არ უმოძრავიათ, რაც დავბრუნდით.

არ ვიყავით იქ იმ რაოდენობით მობილიზებული, რომ წინააღმდეგობა გაგვეწია. ვინც იყვნენ ჩვენი თანამებრძოლები დარჩენილი იმ ადგილზე, ადვილად მოხდა მათი გადაწევა სავალი ნაწილიდან.

დღეს უკვე ვფიქრობთ, რომ მობილიზდება იქ უფრო მეტი ადამიანი, მათ შორის, ბარიკადთანაც, ქვედა ნაწილშიც. ვფიქრობთ, ხეობას მოვუაროთ მეორე მხრიდანაც”, — უთხრა მან ჟურნალისტებს.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს ამ დრომდე არ ეძლევათ თავისუფლად გადაადგილების საშუალება სოფელ ნამოხვანისკენ, სადაც კომპანია “ენკა” ხელისუფლების ხელშეწყობით ჰესის აშენებას ცდილობს.

თბილისში გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ, აქტივისტები კვლავ დაბრუნდნენ ხეობაში და ბარიკადებზე ბრახუნით აპროტესტებენ გადაადგილების შეზღუდვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი