ახალი ამბები

გასულ წელს პარტიების შემოსავლების თითქმის ნახევარი “ქართულ ოცნებაზე” მოდიოდა — TI

28 მაისი, 2021 • 738
გასულ წელს პარტიების შემოსავლების თითქმის ნახევარი “ქართულ ოცნებაზე” მოდიოდა — TI

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ინფორმაციით, 2020 წელს 8 პარტიის მიერ მიღებული შემოსავლების, ასევე ხარჯების თითქმის ნახევარი, “ქართულ ოცნებაზე” მოდის. ორგანიზაციის შეფასებით, ეს ფინანსების არათანაბარ გადანაწილებაზე მიუთითებს.

ამის მიუხედავად, TI აცხადებს, რომ სხვა წლებთან შედარებით ფინანსური უთანასწორობა გასულ წელს შედარებით შემცირდა, რაც რამდენიმე ფინანსურად ძლიერი ახალი პოლიტიკური პარტიის გამოჩენამ განაპირობა.

2020 წელს 8 პოლიტიკური პარტიის ჯამურმა შემოსავალმა 60 მლნ ლარს გადააჭარბა, რომლის თითქმის ნახევარი (48.4%) – მმართველ პარტიაზე მოდიოდა. 8 037 276 ლარით მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო მესამეზე – „ლელო საქართველოსთვის“ 8 036 077 ლარით.

პარტიების მიერ ჯამურად მიღებული შემოსავლების 77% კერძო შემოწირულებებზე მოდიოდა, 19% -სახელმწიფო დაფინანსებაზე,  4% კი – სხვა ტიპის შემოსავალზე, მათ შორის, ბანკიდან მიღებულ სესხებზე.

მთლიანი სახელმწიფო დაფინანსების 42% “ქართულმა ოცნებამ” მიიღო, შემდეგ მოდის ენმ და “პატრიოტთა ალიანსი”. TI-ის ინფორმაციით, რვა პოლიტიკურმა სუბიექტმა, ჯამში, დაახლოებით 46.5 მლნ ლარის შემოწირულება მიიღო, მათგან დაახლოებით ნახევარი მმართველ პარტიაზე  მოდიოდა. თითქმის 8 მლნ ლარით მეორე ადგილზე იყო „ლელო საქართველოსთვის”.

“2020 წელს მმართველი პარტიის წილი ჯამურ შემოწირულებებში2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, შემცირდაკერძოდ, 2016 წელს პარტიების მიერ მიღებული 28 მილიონზე მეტი ჯამური შემოწირულებიდან 68% „ქართულ ოცნებაზე“ მოდიოდა. 2019 წელს ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იყო, რადგან მმართველმა პარტიამ მთლიანი შემოწირულებების 84% მიიღო.

“მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2020 წელს დაახლოებით 158 მლნ ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს და ამ შემომწირველებმა იმავე პერიოდში 1.6 მლნ ლარი გაიღეს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” სასარგებლოდ.

    • აღსანიშნავია შპს „გ & კ ტექნოლოგი”, რომელმაც წლის განმავლობაში 17.2 მლნ ლარის ტენდერები მოიგო, მისმა მფლობელმა რომან აბრამიშვილმა კი თებერვალში „ქართულ ოცნებას” 60,000 ლარი შესწირა;
    • მსგავს ფაქტს ჰქონდა ადგილი შპს „ელ ჯორჯიას” შემთხვევაშიც. 2020 წლის სექტემბერ-ოქტომბერში კომპანიის მფლობელმა, ტარიელ გიორგაძემ და დირექტორმა, დიმიტრი კუპატაძემ მმართველ პარტიას მთლიანობაში 101 ათასი ლარი შესწირეს. იმავე წლის სექტემბერ-დეკემბერში შპს “ელ ჯორჯიამ”, ჯამში, 26.4 მლნ ღირებულების ოთხი მსხვილი ტენდერი მოიგო. მოგებული ტენდერებისა და განხორციელებული შემოწირულებების თარიღები ერთმანეთთან, ასევე, საკმაოდ ახლოს იყო შპს „ცეკურის”, შპს „გრავიტას” და შპს „ჯი-თი ჯგუფის”შემთხვევებში;
    • კიდევ ერთი მსხვილი სახელმწიფო კონტრაქტორია შპს „ლ.და.კ”რომელმაც 2020 წელს 33.9 მლნ ლარის ტენდერები მოიგო, ხოლო მისმა მფლობელებმა მმართველი პარტიის ყულაბაში 22 ათასი ლარი შეიტანეს;
    • მმართველი პარტიის მსხვილ დამფინანსებლებს შორის იყო შპს „პეის ჯორჯიას” მფლობელიც. ეს კომპანია ფოთის პორტის გაფართოების პროექტს ახორციელებს. 2020 წელს ფოთის პორტის გაფართოების მიწათსარგებლობის ნებართვის მიღებიდან სამ თვეში კომპანიის მეწილეებმა – ირაკლი და თეიმურაზ კერვალიშვილებმა, ლაურა ლარიონმა და ირაკლი თათეიშვილმა „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“, ჯამში, 200 ათასი ლარი შესწირეს. სხვადასხვა წელს ამ პირებს სულ 670 ათასი ლარის პოლიტიკური შემოწირულება აქვთ განხორციელებული”, -წერია TI-ის კვლევაში.

პარტიების ხარჯები

კვლევის ფარგლებში შესწავლილმა 8 პოლიტიკურმა სუბიექტმა, ჯამში, 60 267 443  ლარის ოდენობის ხარჯი გაწია, რომლის 49%  ლარი „ქართული ოცნებაზე” მოდიოდა, თითქმის 8 მლნ ლარით მეორე ადგილზე იყო „ლელო საქართველოსთვის”, მესამეზე კი – ბლოკ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” შემავალი პარტიები, დაახლოებით 7.8 მლნ ლარით.

TI-ის ინფორმაციითვე, სარეკლამო ხარჯებმა ჯამური ხარჯების 59% შეადგინა და მისმა ოდენობამ 32 მლნ ლარს გადააჭარბა. მმართველმა პარტიამ რეკლამაზე დაახლოებით 14.3 მლნ ლარი დახარჯა, რაც ყველა პარტიის სარეკლამო დანახარჯების 45% იყო. მეორე ადგილზე 5 მლნ ლარით “ლელო” იყო, დაახლოებით 4 მლნ ლარით მას ენმ მოსდევს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში” მიაჩნიათ, რომ სასურველია შეიქმნას ანტიკორუფციული სააგენტო [ორგანიზაციამ პარლამენტს კანონპროექტითაც მიმართა], რადგან აუდიტის სამსახურის ხელთ არსებული უფლებამოსილებები არ არის საკმარისი პოლიტიკური კორუფციის სავარაუდო შემთხვევებზე, მათ შორის შემომწირველებსა და პარტიებს შორის კორუფციული გარიგებებზე და უკანონო დაფინანსების სქემებზე ადეკვატური რეაგირებისთვის.

“ეს უწყება აღჭურვილი იქნება საგამოძიებო უფლებამოსილებებით და სხვა საკითხებთან ერთად, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხებსაც გაუწევს ზედამხედველობას.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს პოლიტიკური პარტიების შესაძლებლობების გაძლიერებას ფინანსური ანგარიშგებების შევსების კუთხით და შეიმუშაოს უფრო დეტალური და ყოვლისმომცველი ინსტრუქციები ერთგვაროვანი პრაქტიკის დასამკვიდრებლად”.

მასალების გადაბეჭდვის წესი