ნეტგაზეთი | ვასაძე არა პრორუსულ, არამედ საქართველოს პოლიტიკას ატარებს – “ოცნების” დეპუტატი ვასაძე არა პრორუსულ, არამედ საქართველოს პოლიტიკას ატარებს – “ოცნების” დეპუტატი – Netgazeti
RU | GE  

ვასაძე არა პრორუსულ, არამედ საქართველოს პოლიტიკას ატარებს – “ოცნების” დეპუტატი

ყოფილი მორაგბე და ამჟამად პარლამენტში “ქართული ოცნების” დეპუტატი დავით კაჭარავა აცხადებს, რომ ლევან ვასაძეს პიროვნულად პატივს სცემს, რადგან ის რაგბის მხარდამჭერი იყო. ვასაძე წლების განმავლობაში სარაგბო კავშირის გამგეობის წევრი იყო.

ამის შესახებ კაჭარავამ ვასაძისა და ალექსანდრე დუგინის შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა. გუშინ, 26 მაისს, “მთავარმა არხმა” ვასაძისა და დუგინის მოსკოვში შეხვედრის ამსახველი კადრები გაავრცელა.

კაჭარავას თქმით, რუსეთში ვასაძისა და დუგინის შეხვედრა ვერანაირ წარმოდგენას შეუქმნის.

“ადამიანს ვიცნობ დიდი ხანია და, რა თქმა უნდა, პატივს ვცემ სპორტიდან გამომდინარე. ის ყოველთვის იყო რაგბის მხარდამჭერი და აქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. მათი საუბრის შინაარსი მე არ ვიცი და ის, რომ ამ ადამიანს[დუგინს] ხვდებოდა, ვერანაირ წარმოდგენას ვერ შემიქმნის. ლევან ვასაძის რუსეთთან ურთიერთობა ყველასთვის ცნობილია, მას ბევრი რამ აკავშირებს იქ, აქვს თავისი კონტაქტები. აქედან გამომდინარე, რა სახის საუბარი ჰქონდა ბატონ ლევანს, ეს მას უნდა ჰკითხოთ და მასთან გაარკვიოთ. დარწმუნებული ვარ, ბატონი ლევანი მანამდეც შეხვედრია ამ ადამიანს და მანამდეც უსაუბრია”, — განაცხადა კაჭარავამ.

ამასთან, კაჭარავას აზრით, ვასაძე არა პრორუსული, არამედ საქართველოს პოლიტიკის გამტარებელია.

“პრორუსული პოლიტიკა ჩემთვის მიუღებელია, ჩემთვის მისაღებია ნებისმიერი გზა, რომელიც საქართველოს გამოადგება, საქართველოს ინტერესებში  წარმოდგენილი ნებისმიერი გზა ჩემთვის მისაღებია. საქართველოს ინტერესები არის პრიორიტეტი. ჩემი აზრით, ბატონი ლევანი პრორუსულ პოლიტიკას არ ატარებს, ის ატარებს საქართველოს პოლიტიკას და მისთვის ყველა ინსტრუმენტი, ალბათ, მისაღებია. პირადად მას რომ ჰკითხოთ, ალბათ, ის უფრო საფუძვლიან პასუხს გაგცემთ”, — განაცხადა კაჭარავამ.

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ პოლიტიკაში მოსვლის შესახებ 6 მაისს განაცხადა. ვასაძის თქმით, ამ გადაწყვეტილების ძირითადი მიზეზი გახდა ქვეყანაში შექმნილი პერმანენტული კრიზისი და “ბოლო წვეთი” იყო “დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერა”, რომელმაც, ვასაძის თქმით, დამნაშავეების გათავისუფლება განაპირობა და ქვეყნის სუვერენიტეტის შემცირება აჩვენა.

მისი თქმით, მეგობრებთან ერთად გადაწყვიტა, საწყის ეტაპზე შექმნას საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთობა, რაობა, იმედი”, რომლის აბრევიატურა არის ერი. ვასაძე ამბობს, რომ დიდი ალბათობით, საზოგადოებრივი მოძრაობა მომავალში პარტიად გარდაიქმნება.

ლევან ვასაძე პოლიტიკაში მოდის

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი