სთენდაფერი ონისე ოქრიაშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „ხალხის ძალიდან“ დავით კაჭარავამ, რომლისთვისაც ქუჩაში კითხვის დასმას აპირებდა, ტელეფონი წაართვა.

მისი თქმით, შემთხვევა თბილისში, ჭოველიძის ქუჩაზე მოხდა.

შემთხვევის ამსახველ ვიდეოს ონისე ოქრიაშვილი თავად ავრცელებს.

„ჭოველიძეზე დავით კაჭარავასთვის მინდოდა მეკითხა, რომელი სიგარეტი შევუგზავნო, როცა კონსტიტუციის ღალატის გამო დაიჭერენ. შორიდან ყვირილი არ მინდოდა, ახლოს მივედი, რომ მენახა, რუსის თვალები როგორია. ჰოდა, ტიპი მეცა და ტელეფონი წამართვა. ვიდეო წყდება. მერე გამოდის ოცი ტიპი და მომდევს ძველბიჭური ფრაზებით. გამვლელებს ვთხოვ, რომ პატრულში დარეკეთ-მეთქი და არავინ ყური არ შეიბერტყა. რა ვიცი, აბა.

წადით არჩევნებზე 26-ში“, – წერს Facebook-ზე ონისე ოქრიაშვილი

როგორც ნეტგაზეთს ონისე ოქრიაშვილმა განუცხადა, მას კაჭარავას მიერ წართმეული ტელეფონი სხვა ტიპმა დაუბრუნა და თავად პოლიციისთვის არ მიუმართავს.

ნეტგაზეთი ცდილობს დავით კაჭარავასაც დაუკავშირდეს. მისგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.