ახალი ამბები

პირდაპირ არ უკავშირდება აღმოსავლეთ პარტნიორობას — მიქანაძე ათენის შეხვედრაზე

22 აგვისტო, 2023 • 1767
პირდაპირ არ უკავშირდება აღმოსავლეთ პარტნიორობას — მიქანაძე ათენის შეხვედრაზე

„ქართული ოცნების“ წევრი, პარლამენტარი გივი მიქანაძე განმარტავს, რატომ არ იმყოფებოდა საქართველოს წარმომადგენელი ათენში 21 აგვისტოს გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე, სადაც ევროკავშირის გაფართოება განიხილებოდა.

საუბარია „სალონიკის დეკლარაციის“ 20 წლის იუბილის ფარგლებში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე, რომელსაც ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან ერთად ესწრებოდნენ უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები, ასევე დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების ლიდერები.

მიქანაძის თქმით, ათენში გამართული შეხვედრა, რომელზეც ევროკავშირის გაფართოება განიხილებოდა, აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხს „პირდაპირ არ უკავშირდება“. ხოლო ათენში უკრაინის და მოლდოვის პრეზიდენტების ყოფნას, განსხვავებით საქართველოსაგან, იმით ხსნის, რომ ეს ქვეყნები განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არიან უკრაინაში მიმდინარე ომის გამო.

„ეს იყო ბალკანეთის ქვეყნებთან დაკავშირებული ფორუმი, ბალკანეთის ქვეყნების მიმართებაში ევროკავშირთან გაფართოების კუთხით. აქ არ ყოფილა აღმოსავლეთ პარტნიორობის კუთხით. თუმცა, როგორც იცით, უკრაინა არის განსაკუთრებული თემა და მოლდოვა[იყო] უკრაინასთან ერთად, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან დიდია ლტოლვილთა ნაკადი მოლდოვის რესპუბლიკაში. ეს ფაქტორი პირდაპირ არ უკავშირდება აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს არის ბალკანეთის ქვეყნებთან დაკავშირებული სამიტი“, – თქვა გივი მიქანაძემ.

ათენში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით ნეტგაზეთმა კითხვით საგარეო საქმეთა სამინსტროს, ასევე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელებსაც ჯერ კიდევ 22 აგვისტოს, დილის საათებში მიმართა, თუმცა მათგან პასუხი ჯერ არ მიგვიღია.


ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით ათენში არაფორმალური შეხვედრა 21 აგვისტოს, საღამოს გაიმარათა. შეხვედრას ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან ერთად ესწრებოდნენ უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები, ასევე დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების ლიდერები.

თუმცა, არაფორმალურ შეხვედრაზე, სადაც ევროკავშირის გაფართოება განიხილებოდა, არ იმყოფებოდა საქართველოს წარმომადგენელი.

შეხვედრა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გაიმართა სალონიკის სამიტიდან 20 წლისთავის აღსანიშნად. 2003 წელს სალონიკში გამართულ ევროპული საბჭოს სამიტზე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის ევროპული პერსპექტივის დადასტურება მოხდა.

21 აგვისტოს ათენში გამართული სამიტის შემდეგ გამოქვეყნდა დეკლარაცია, რომელშიც გამოხატულია რუსეთის აგრესიის ფონზე უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა.

დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში არის გარდამტეხი მომენტი ევროპისთვის, რომელიც ქმნის ცნობიერების ახალ დონეს საერთო პრინციპების, ერთიანობისა და საერთო მომავლის შესახებ ევროკავშირში.

დეკლარაციის ხელმომწერები სახელმწიოფოების წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ არ შეიძლება დაუსჯელი დარჩეს უკრაინაში რუსეთის ომის დანაშაული, როგორიცაა თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე და ინფრასტრუქტურის განადგურება.

დეკლარაციაში ასევე ხაგზასმულია, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, უკრაინასა და მოლდოვას საერთო ევროპული მომავალი აქვთ, თუმცა არაფერია ნათქვამი საქართველოზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი