ახალი ამბები

იუსტიციის საბჭოს ახალი წევრები სასამართლოში კლანის არსებობას უარყოფენ

26 მაისი, 2021 • 1068
იუსტიციის საბჭოს ახალი წევრები სასამართლოში კლანის არსებობას უარყოფენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრები სასამართლოში კლანის არსებობას უარყოფენ და ამბობენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ უკეთესი მართლმსაჯულებისთვის.

“საუბრები კლანზე არის დემაგოგია და მიმართულია სასამართლოს დისკრედიტაციისკენ. სასამართლო სისტემაში არსებობს სასამართლოს კორპორაცია და სასამართლოს მართავენ მოსამართლეები”, – განაცხადა გოჩა აბუსერიძემ.

მან უარყო რამე წინასწარი შეთანხმება იუსტიციის საბჭოში არჩევაზე და თქვა, რომ მათ შორის არც სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესთან, მიხეილ ჩინჩალაძესთან ჰქონია კომუნიკაცია და ერთ-ერთი მოსამართლის მიერ მისი კანდიდატურის დასახელება მისთვისაც მოულოდნელი იყო. თავად ჩინჩალაძე, რომელსაც სამოქალაქო სექტორი მოიაზრებს სასამართლოში არსებული გავლენიანი ჯგუფის – კლანის სათავეში, მოსამართლეთა კონფერენციას არ ესწრებოდა.

“ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ სასამართლო იყოს უკეთესი, ვიდრე დღეს არის. არანაირი ზეწოლა, წინასწარი შეთანხმება არ ყოფილა. მოლოდინის რეჟიმშიც არ ვყოფილვარ, რომ დღეს წარდგენილი ვყოფილიყავი საბჭოს წევრის კანდიდატურად. ერთ-ერთმა კოლეგამ წარმადგინა”, – განაცხადა აბუსერიძემ.

“დღეს ურიგოა და უხერხულია კლანზე საუბარი, 281-მა მოსამართლე წევრმა მომცა ხმა… მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ უკეთესი მართლმსაჯულება ჰქონდეს ქვეყანას. მზად ვარ, ყველა დაინტერესებულ პირთან ვითანამშრომლო, ეს იქნება პარლამენტი თუ არასამთავრობო სექტორი”, — განაცხადა ბადრი შონიამ.

მოსამართლეთა კონფერენციაზე, რომელსაც 284 მოსამართლე ესწრებოდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრობის 4 ვაკანტურ ადგილზე დღეს, 26 მაისს, 4 კანდიდატი დასახელდა: თემურ გოგოხია, ბადრი შონია ლევან მიქაბერიძე და გოჩა აბუსერიძე.

მოსამართლეებმა ოთხივე მათგანი უპრობლემოდ აირჩიეს მიუხედავად იმისა, რომ პროცესს ეწინააღმდეგებოდა არასამთავრობო სექტორი, ასევე, პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში ჩართული დიპლომატიური კორპუსი.

ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ: ბადრი შონია და გოჩა აბუსერიძე/ნინო ჩიჩუა, ნეტგაზეთი.

ვინ აირჩიეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში

მასალების გადაბეჭდვის წესი