ახალი ამბები

თბილისში აქციები დასრულდა, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები რიონის ხეობაში ბრუნდებიან

26 მაისი, 2021 • 892
თბილისში აქციები დასრულდა, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები რიონის ხეობაში ბრუნდებიან

თბილისში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქცია დასრულდა. შემაჯამებელი აქცია რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა.

აქციის მონაწილეები თბილისს ტოვებენ და, როგორც ნამახვანჰესის საწინააღმდეგო მოძრაობის აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, ისინი რიონის ხეობაში ბრუნდებიან.

“ბრძოლა გაგრძელდება ნამახვანში და ეს იქნება არა ფიზიკური, არამედ უსისხლო ბრძოლა. ჩვენ ჩაბმული ვართ ამ უსისხლო ბრძოლაში უკვე ნახევარი წელია და ასე უსისხლოდ მივიტანთ ამას ბოლომდე. ჩვენ ვაწარმოებთ მორალურ ომს, მორალურ ომში ვართ გამარჯვებული ხელისუფლებასთან და ყველა იმ პერსონასთან მიმართებაში, რომელიც ტალახს გვესვრის და ცდილობს, გაამარგინალოს ჩვენი ეს მოძრაობა. ამიტომ, საკითხი დგას მკაფიოდ- ჩვენ ამ მორალურ ომს გავიყვანთ ბოლომდე სწორად, მშვიდობით, ერთობით და სულისკვეთებით გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს და როგორც არ უნდა ეცადოს ხელისუფლება, სხვა ვექტორზე გადაგვიყვანოს, დაგვანაწევროს, გააჩინოს დაპირისპირება ჩვენ შორის, ამას ვერ შეძლებს და ამის გარანტი ვართ თითოეული ჩვენგანი, ვინც დღეს ამ მოედანზე ვდგავართ”, — განაცხადა გოლეთიანმა.

პარალელურად, ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის მონაწილეების ცნობით, გუმათჰესთან შინაგან საქმეთა სამინისტრომ კვლავ აღმართა რკინის ბარიკადები.

ამ ადგილას შსს-მ რკინის ბარიკადები თავდაპირველად 14 აპრილს აღმართა. მათივე ინფორმაციით, შემდეგ ბარიკადების ნაწილი აიღეს, ნაწილი კი ამ დრომდე ადგილზე რჩებოდა. დღეს დილით ადგილობრივებს კვლავ დახვდათ ის ბარიკადები, რომლებიც მანამდე აღებული იყო. ამასთან, მათი ინფორმაციით, მაშინ, როცა ბარიკადების მხოლოდ ერთი ნაწილი იყო განლაგებული, აქტივისტებს გადაადგილებაც ეზღუდებოდათ.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციები თბილისში 23 მაისიდან იმართებოდა. მათ რესპუბლიკის მოედანზე კარვები ჰქონდათ გაშლილი.  თბილისში მიმდინარე აქციების დროს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ  ნამახვანი ჰესის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ვარლამ გოლეთიანს შეხვედრა შესთავაზა. თუმცა შეხვედრა არ შედგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი