ახალი ამბები

ვბრუნდებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ [თბილისში] აღარ ჩამოვალთ – გოლეთიანი

26 მაისი, 2021 • 939
ვბრუნდებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ [თბილისში] აღარ ჩამოვალთ – გოლეთიანი

ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ „რიონის ხეობის მცველები“ დღეს გუმათში ბრუნდებიან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში თბილისში აღარ დაბრუნდებიან.

3-დღიანი აქციების შემდეგ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები რიონის ხეობაში ბრუნდებიან, სადაც დღეს შსს-მ რკინის ბარიკადები კვლავ აღმართა.

„მთავარი, რაც უნდა ვთქვათ, არის ის, რომ დამოუკიდებლობა და თავისუფლება არის ყოველწამიერად მოსაპოვებელი და თითოეული ჩვენგანი ვაგრძელებთ ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის“, – ასე დაიწყო თავისი მიმართვა გოლეთიანმა დღევანდელ აქციაზე.

ვრცელ სიტყვაში მან განმარტა, რომ უკანასკნელი დღეებია მედიასივრცეში საპროტესტო მოძრაობის მიმართ ბევრი ბრალდება გახმიანდა, მაგრამ – „ჩვენი აქ მოსვლის მიზეზი იყო ის, რომ კიდევ ერთხელ გვენახა ერთმანეთი და მიგვეცა ერთმანეთისთვის იმის ლეგიტიმაცია, რომ ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის გავაგრძელოთ“.

„სასიხარულო და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ერთობა შედგა, ყოველდღე უამრავი ადამიანი მოდიოდა და ვაჩვენეთ ხელისუფლებას, რომ ძალა არის ხალხში და თუ ხელისუფლება რომელიც არ იქნება გამთვალისწინებელი ხალხის ნების და აღმსრულებელი საზოგადოებრივი დაკვეთისა, ის ვერ იქნება ამ საზოგადოების ხელისუფალი.

ჩვენ უნდა გავაჩინოთ პასუხისმგებლობა ყველა იმ თანამდებობისთვის, რომელზეც დღეს არის ესა თუ ის ჩინოვნიკი. ამიტომ, როდესაც ვამბობთ იმას, რომ 26 მაისს ადამიანი უნდა იდგეს აქ და უნდა ვსაუბრობდეთ, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვშლით იმ ღონისძიებას, რომელიც ახლა თავისუფლების მოედანზეა. აქ საუბარია იმაზე, რომ ხელისუფალი, რომელიც ეროვნულ ინტერესს ყიდის, ასხვისებს, არ უფრთხილდება ამ ინტერესს – ჩვენ არ ვაპირებთ მივიდეთ და მოვუსმინოთ მას. აქ არის პერსონებზე საუბარი და არა კონკრეტულ დღეზე. ჩვენ არასდროს გვქონია ის მიზანი, რომ ჩაგვეშალა ღონისძიება. სწორიც არ იქნება ამგვარი მოქმედება“, – აცხადებს გოლეთიანი.

ის ამბობს, რომ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა შექმნეს პრეცედენტი – „არ ვიღებთ ბრმად იმას, რაც ხელში გვაჩეჩებენ“.

„რადგან ჩვენ მშვიდობიანად მოვიტანეთ ეს პროტესტი აქამდე, ბრძოლა არ დასრულებულა, დღეს ის გაგრძელდება ნამოხვანში. ეს იქნება არა ფიზიკური, არამედ უსისხლო ბრძოლა. ჩვენ ჩაბმული ვართ ამ ბრძოლაში უკვე ნახევარი წელია და ასე უსისხლოდ მივიტანთ ბოლომდე. ჩვენ ვაწარმოებთ მორალურ ომს და მორალურ ომში ჩვენ გამარჯვებული ვართ ხელისუფლებასთან მიმართებაში და ყველა იმ პირის მიმართაც, ვინც ცდილობს ტალახი გვესროლოს და გაამარგინალოს ჩვენი მოძრაობა. ჩვენ ამ მორალურ ომს გავიყვანთ ბოლომდე სწორად – მშვიდობით, ერთობით გავაკეთებთ იმ საქმეს, რომელიც თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა და რაც უნდა ეცადოს ხელისუფლება გადაგვიყვანოს სხვა ვექტორზე, დაგვანაწევროს, ის ამას ვერ შეძლებს და ამის გარანტი ვართ თითოეული ჩვენგანი, ვინც დღეს ვდგავართ“.

გოლეთიანმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ემიგრანტებს და თქვა, რომ „აქ დღეს გაცილებით უფრო მეტნი ვართ, ვიდრე ფიზიკურად ვჩანვართ,“.

„ჩვენ მივდივართ აქედან დღეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აღარ ჩამოვალთ და თუ საჭირო გახდება, აქ არ გავაგრძელებთ ბრძოლას. უბრალოდ, რაც იყო ჩვენი აქ ჩამოსვლის მიზანი – საზოგადოებისთვის, დედაქალაქის მცხოვრებლებისთვის კიდევ ერთხელ მიგვეწვდინა ხმა. მათ შორის, ის გზების გადაკეტვები, რომელიც მოვაწყვეთ, ეს იყო სიმბოლური შინაარსის. უბრალოდ შეჩერდა მოძრაობა დედაქალაქში და ჩვენ ამით დავაფიქრეთ ადამიანები – თითოეული ჩვენგანი რა რუტინაშიც ვართ ჩართული, დავფიქრდეთ, შევჩერდეთ, გავაცნობიეროთ ამ ბრძოლის მნიშვნელობა“.

„კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ჩვენ არასდროს უნდა აღვმართოთ ჩვენს თანამოქალაქეზე ხელი. ეს არის ჩვენი პრინციპი და ამაზე დაფუძნდა ეს მოძრაობა. არასდროს უნდა მოხდეს დაპირისპირება თანამოქალაქეებს შორის, არ აქვს მნიშნელობა, ვინ რა პოზიციაზე დგას, ვინ წარმოადგენს სამართალდამცველს და ვინ ჩვეულებრივი მოქალაქეა. მთავარია, რომ თუკი ჩვენ ვართ მართლები, სიმართლის მატარებლები – იმ მეორე ნაწილმა, ვინც ჯერ ეს ვერ გააცნობიერა, უნდა იგრძნოს მორალური პასუხისმგებლობა, რომ დათმოს უმრავლესობის მიმართ საკუთარი პოზიცია და გადმოვიდეს იქ, სადაც არის ჭეშმარიტება და სიმართლე“. – ამბობს გოლეთიანი.

მისივე განცხადებით, 210-დღიანმა ბრძოლამ აჩვენა, რომ ძალა არ არის იარაღის ან ჯოხის ქნევა- “ამით მანიპულირებს ხელისუფლება”.

“ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ჩვენი ბრძოლის სტრატეგია – ეს არის მორალური ომი და ამას დავამკვიდრებთ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ”.

გამოსვლის ბოლოს გოლეთიანმა იმედი გამოთქვა, რომ უფრო მეტი ადამიანი გააცნობიერებს საპროტესტო მოძრაობის მნიშვნელობას.  „ეს იქნება ჩვენი უპირველესი სათხოვარი, რომ გვადევნოთ თვალი, თუნდაც – გვაკონტროლოთ, რომ არ მოხდეს რაიმე გადაცდომა, მათ შორის ჩვენგანაც, რომ ისევე სწორედ წარიმართოს პროცესი“, – ამბობს ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი