ახალი ამბები

როცა “ავაშენოთ” მიტინგები აჯობებს “არ ავაშენოთ” მიტინგებს, მაშინ დაიწყებს ქვეყანა აღორძინებას — ხაზარაძე

26 მაისი, 2021 • 2493
როცა “ავაშენოთ” მიტინგები აჯობებს “არ ავაშენოთ” მიტინგებს, მაშინ დაიწყებს ქვეყანა აღორძინებას — ხაზარაძე

ნამახვანჰესის წინააღმდეგ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად, პარტია “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ 25 მაისის ღამით “ფეისბუქზე” პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ:

“როცა “ავაშენოთ” მიტინგები აჯობებს “არ ავაშენოთ” მიტინგებს, მაშინ ქვეყანა დაიწყებს აღორძინებას”.

ხაზარაძე ასევე წერს, რომ “ანაკლიის გაჩერება ასე არავის გაუპროტესტებია”. ის გულისხმობს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, რომლის სამშენებლო სამუშაოებიც ამჟამად შეჩერებულია. ხაზარაძე “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” დამფუძნებელია.

რიონის ხეობაში, კარვებში, 208-დღიანი პროტესტისა და ქუთაისში გამართული აქციების შემდეგ, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტებმა თბილისში გადაინაცვლეს.

“ბრძოლა იწყება აქ და ახლა და ჩვენ მას ბოლომდე მივიყვანთ. მნიშვნელოვანია, განწყობილი ვიყოთ გრძელვადიანი ბრძოლისთვის”, — მიმართა რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა აქცია 4 ძირითადი მოთხოვნით დააანონსეს:

  • გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;
  • გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს “ენკა რინიუებლზისათვის” აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”;
  • გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

თუმცა უშუალოდ აქციაზე მოთხოვნებს დაემატა მორატორიუმის გამოცხადება მთელ ენერგოსექტორში მიმდინარე პროცესებზე და ახალი ენერგოპოლიტიკის შემუშავება საზოგადოებრივი ჩართულობით. ასევე, სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა ყველა პირზე, ვინც ხელს აწერს ნამახვანჰესთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას.

აქციის ორგანიზატორებმა სამშაბათს განაცხადეს, რომ 26 მაისიდან ბრუნდებიან რიონის ხეობაში, რათა ადგილზე შეუშალონ ხელი ჰესის მშენებლობას.

ხვალ დავბრუნდებით რიონის ხეობაში, რათა ადგილზე შევუშალოთ ხელი მშენებლობას – გოლეთიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი