ახალი ამბები

საგარეო უწყებისგან ვიხილეთ შიშნარევი ტვიტი — სამნიძე ბელარუსზე

25 მაისი, 2021 • 1018
საგარეო უწყებისგან ვიხილეთ შიშნარევი ტვიტი — სამნიძე ბელარუსზე

“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი ხათუნა სამნიძე აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას  ბელარუსის მიერ “რაინეარის” თვითმფრინავის იძულებით დასმისა და  ოპოზიციონერი ჟურნალისტის დაკავებაზე “არასათანადო რეაგირების” გამო.

“მაშინ, როცა მთელ მსოფლიოს ძალიან მწვავე რეაქცია ჰქონდა ამ ტერორისტულ აქტზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ვნახეთ შიშნარევი ტვიტი მოგზაურობის თავისუფლებაზე. ლუკაშენკოს რეჟიმი, როგორც პუტინის რეჟიმი, არის ტერორისტული რეჟიმები, რომლებიც კლავენ, აწამებენ და საფრთხეს უქმნიან მთელ მსოფლიოს. ჩვენი მოვალეობაა, გვქონდეს მკაფიო რეაქცია და გვერდით დავუდგეთ თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს”, — განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

დეპუტატის თქმით, ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

“მე იმედი მქონდა, რომ პარლამენტში ამის თაობაზე იქნებოდა ძალიან ხმამაღალი განცხადებები, მაგრამ ამის ნაცვლად, სამწუხაროდ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარისგან მოვისმინეთ საჯარო განცხადება, სიძულვილის ენას ხომ ვერ გამოიყენებს ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადების გაკეთების დროს. სიძულვილის ენა კი არა, უნდა იყოს მკაფიო პოზიცია ჩვენი ქვეყნისგან. ადამიანები, რომლებიც რეპრესიებს გაურბიან, ამ ქვეყანაში მოდიან და ჩვენგან უნდა ისმოდეს, რა პოზიცია გვაქვს”, — განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსისკენ მიფრინავდა, ბელარუსის საჰაერო სივრცეში სამხედრო ავიაგამანადგურებლებმა აიძულეს, ბელარუსის აეროპორტში დაშვებულიყო. ამ დროს ბორტზე იმყოფებოდა ბელარუსიდან დევნილი ჟურნალისტი, ტელეგრამ-არხ Nexta-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი რომან პროტასევიჩი.

ბელარუსელმა მილიციელებმა ჟურნალისტი აეროპორტშივე დააკავეს, სხვა მგზავრებს კი ვილნიუსისკენ გაფრენის საშუალება მოგვიანებით მისცეს.

ბორტზე მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტის დასაკავებლად ათენი-ვილნიუსის რეისი მინსკში დასვეს

მასალების გადაბეჭდვის წესი