ახალი ამბები

ვთხოვთ რიონის ხეობის მცველებს, მკაფიოდ გაემიჯნონ ყოველგვარ ძალადობას – Tbilisi Pride

25 მაისი, 2021 • 1037
ვთხოვთ რიონის ხეობის მცველებს, მკაფიოდ გაემიჯნონ ყოველგვარ ძალადობას – Tbilisi Pride

ორგანიზაცია Tbilisi Pride ნამახვანჰესის წინააღმდეგ გამართული აქციების მონაწილეებს მიმართავს და სთხოვს, მკაფიოდ გაემიჯნონ ყოველგვარ ძალადობას.

განცხადებაში ორგანიზაცია წერს, რომ მხარს უჭერს და სოლიდარულია რიონის ხეობის დამცველთა მიმართ და მიაჩნია, რომ მათი მოთხოვნები სამართლიანია.

„ჩვენთვის მიუღებელია მსხვილი ეკონომიკური პროექტების განხორციელება, თუკი პროექტის თანმხლები ზიანი და სარგებელი არ არის სათანადოდ აღრიცხული და შეფასებული; თუკი პროექტის თანმხლები სარგებელი არ აღემატება ზიანს, ხოლო აღნიშნული სარგებლის უპირველესი მიმღები არ არის ადგილობრივი მოსახლეობა ან/და მთლიანად საქართველოს მოქალაქეები.

ჩვენთვის მიუღებელია მსხვილი ეკონომიკური პროექტების განხორციელება და ინვესტორებთან ხელშეკრულებების გაფორმება ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეებთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციებისა და ადგილობრივი მოსახლეობის დემოკრატიული ჩართულობის გარეშე“, – წერია განცხადებაში.

Tbilisi Pride თქმით, ისინი ხედავენ, რომ საქართველოს მთავრობა თავს არიდებს ადგილობრივ მოსახლეობასა და პროტესტის ორგანიზატორებთან ჰესის პროექტის განხილვას – „რადგან არ აქვს პასუხი პროექტის თანმხლებ ზიანსა და სარგებელთან დაკავშირებით“.

სწორედ ამიტომ, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ გვქონდეს ამ ბრძოლის მიმართ სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამოხატვის შესაძლებლობა. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ქვიარ თემს ჩვენი გამოხატვის თავისუფლების შელახვის წლების გამოცდილება გვაქვს. ჩვენ ხშირად ვხდებით ულტრამემარჯვენე ძალადობრივი ჯგუფების მუქარის, სიტყვიერი თუ ფიზიკური ძალადობის სამიზნე. ულტრამემარჯვენე დაჯგუფებების ლიდერები ლევან ვასაძე და მამა-შვილი ფალავანდიშვილები არაერთხელ დაგვემუქრნენ და დაგვესხნენ თავს ქვიარ თემის წარმომადგენლებსა და აქტივისტებს. სამწუხაროდ, ჩვენი არაერთი საჩივრის და როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე ამ საკითხის არაერთხელ დაყენების მიუხედავად პოლიცია და სახელმწიფო არ ახდენს სათანადო რეაგირებას ამ დანაშაულებრივ ქმედებებზე.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია სამართლიანი მიზნებისთვის მებრძოლი მოძრაობები და აქტივისტები გაემიჯნონ ამ ექსტრემისტულ, ძალადობრივ დაჯგუფებებს და ხმამაღლა დაგმონ მათ მიერ აქციებზე განხორციელებული ძალადობის აქტები. სხვა შემთხვევაში, ვშიშობთ, ამ დაჯგუფებებმა შეიძლება მოახერხონ პროტესტის დისკრედიტაცია და არასწორი მიმართულებით წარმართვა, რაც არც ჩვენი და არც რიონის ხეობის მცველთა ინტერესებში არ არის.

ვთხოვთ რიონის ხეობის მცველებს, პატივი სცენ ჩვენს გამოხატვის თავისუფლებას, მკაფიოდ გაემიჯნონ ყოველგვარ ძალადობას მათ მიერ ორგანიზებულ აქციებზე, მათაც ჩვენთან ერთად მოსთხოვონ სახელმწიფოს აქციებზე მომხდარ თავდასხმებზე ადეკვატური რეაგირება და არ გააკეთონ ისეთი განცხადებები, რომლებმაც შესაძლოა ძალადობის წახალისება გამოიწვიოს.

სრულად განცხადება წაიკითხეთ აქ.


24 მაისს ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე მისულ აქტივისტებს, სალომე ბარკერსა და ზუკა ბერძენიშვილს ტერიტორიის დატოვება მოუხდათ. ამის მიზეზი მათსა და ალექსანდრე ფალავანდიშვილს შორის დაპირისპირება გახდა.

ფალავანდიშვილმა LGBT-სამკლაურიან აქტივისტს ჰესის საწინააღმდეგო აქციის დატოვება აიძულა

მასალების გადაბეჭდვის წესი