ახალი ამბები

ითხოვს სამართლებრივ რეაგირებას – სოც.სამართლიანობის ცენტრი ფალავანდიშვილებზე

24 მაისი, 2021 • 1359
ითხოვს სამართლებრივ რეაგირებას – სოც.სამართლიანობის ცენტრი ფალავანდიშვილებზე

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) ბოლო დღეებში ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციებზე ჰომოფობური ძალადობის ფაქტებს ეხმაურება და პოლიციას მოძალადე პირების მიმართ ქმედითი სამართლებრივი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

საქმე ეხება „რიონის ხეობის მცველების“ საპროტესტო აქციებს თბილისში, რომელიც 23-24 მაისს მიმდინარეობს. ორგანიზაცია ამბობს, რომ ამ მოძრაობას აზიანებს ულტრაკონსერვატიული ძალადობრივი ჯგუფების მობილიზაცია პროტესტის გარშემო- „რომლებიც გარდა იმისა, რომ რეგრესული, შოვინისტური და ძალადობრივი რიტორიკით გამოირჩევიან, შეკრების ადგილებში ლგბტქი ადამიანების მიმართ ღია ძალადობას სჩადიან“.

„23 მაისს, ისევე როგორც 24 მაისს, რესპუბლიკის მოედანზე შეკრების ადგილას იმყოფებოდნენ გურამ ფალავანდიშვილი და მისი შვილი, რომლებმაც ადგილზე მყოფ სამოქალაქო აქტივისტებზე იძალადეს. კერძოდ, 23 მაისს მამა-შვილმა ფალავანდიშვილებმა ბათუმიდან ჩამოსულ ქვიარ აქტივისტებს მოძრაობის მხარდამჭერი პლაკატი ძალადობრივად დაუხიეს.

დღეს ამავე ჯგუფის წარმომადგენლები თავს დაესხნენ “მოძრაობა სირცხვილიას” აქტივისტებს, რომელთაგან ერთ-ერთს, სალომე ბარკერს ლგბტქი დროშის სამკლაური ეკეთა. მოძალადე ფალავანდიშვილებმა ახალგაზრდა აქტივისტების აქციის ტერიტორიიდან გაძევება ძალადობით სცადეს.

სამწუხაროდ, არცერთი ეს ინციდენტი, ისევე როგორც წარსულში ფალავანდიშვილებისა და სხვა ძალადობრივი რადიკალური ჯგუფების ლიდერების მიერ ჩადენილი ძალადობის ინციდენტები, ეფექტიანად გამოძიებული არ არის“, – წერია სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში.

ორგანიზაცია დასძენს, რომ ძალადობრივი ჯგუფების ლიდერების მიერ ჩადენილი დანაშაულების შეწყნარების ტენდენცია, გარდა იმისა, რომ ანტიდისკრიმინაციული მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის სისუსტეს აჩვენებს, ამ ჯგუფების მიმართ პოლიტიკური ლოიალობის ნიშნებს ატარებს.

„ნიშანდობლივია, რომ ბოლო წლებში აშკარად ჩანს ულტრაკონსერვატიული რადიკალური ჯგუფების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების ტენდენციაც ხელისუფლების მხრიდან.

ამ პირობებში ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, პოლიციამ დროულად დაიწყოს გამოძიება 23 და 24 მაისს რესპუბლიკის მოედანზე მომხდარ ჰომოფობიური ძალადობისა და დევნის ინციდენტებზე და ფალავანდიშვილების მიმართ მიიღოს მყისიერი სამართლებრივი ზომები.“

ამავე განცხადებაში ცენტრი საუბრობს „რიონის ხეობის მცველების“ საპროტესტო მნიშვნელობაზე და ამბობს, რომ ის ისტორიული მნიშვნელობისაა.

„ჩვენ კარგად ვხედავთ, მოძრაობის ლიდერები როგორ ცდილობენ, რომ მათი საჯარო პლატფორმა (აქციებზე სიტყვა, ოფიციალური მიმართვები) არ დაუთმონ რადიკალურ ჯგუფებს და მაქსიმალურად აკონტროლონ აქციის შინააარსი.

თუმცა აშკარაა, რომ რიონის ხეობის მცველების აქციებზე პროვოკაციის, მათ შორის, ორგანიზებული პროვოკაციის გამოცდილების ფონზე, მოძრაობის ლიდერების მხიდან მისაღებია უფრო ქმედითი ნაბიჯები ძალადობაში უშუალო ჩართული პირების მიმართ, რაც მათგან მკაფიო გამიჯვნასა და დისტანცირებას, შეკრების ადგილებში უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის ორგანიზატორების პასუხისმგებლობის ქვეშ დამატებითი ზომების მიღებას გულისხმობს.

მით უფრო, რომ აღნიშნული პირები აგენტ-პროვოკატორების სტრატეგიით მოქმედებენ და საკუთარი განცხადებებითა და შეკრების ადგილზე ძალადობის ნორმალიზებით პირდაპირ და უშუალოდ მონაწილეობენ მოძრაობის დისკრედიტაციაში“, – წერია განცხადებაში.

განცხადების სრული ვერსია ნახეთ აქ. 

ფალავანდიშვილმა LGBT-სამკლაურიან აქტივისტს ჰესის საწინააღმდეგო აქციის დატოვება აიძულა

მასალების გადაბეჭდვის წესი