ახალი ამბები | , , ,

აშშ-ის და ევროკავშირის ელჩები ნამახვანჰესის პროტესტზე

24 მაისი, 2021 | | 4914
აშშ-ის და ევროკავშირის ელჩები ნამახვანჰესის პროტესტზე

საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები, კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციას გამოეხმაურნენ, რომელმაც თბილისში გადმოინაცვლა.

როგორც დიპლომატები აცხადებენ, მთავრობამ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს უნდა მოუსმინოს და დიალოგი გახსნას.

აშშ-ის ელჩი აღნიშნავს, რომ მთავრობამ უნდა იპოვოს ბალანსი ჰესის მოწინააღმდეგეთა წუხილსა და ენერგოდამოუკიდებლობას შორის.

“მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი საზოგადოების წუხილი გაითვალისწინოს და განიხილოს მთავრობამ, ისევე, როგორც მხარეების წუხილი. ცხადია, რომ მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლება და ამ წუხილის გახმიანების უფლება, ისევე, როგორც მთავრობის მიერ მათი მოსმენა და გამოსავლის პოვნა. მთავრობამ უნდა დააბალანსოს ეს წუხილი და საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის და დივერსიფიკაციის მნიშვნელობა, რათა საქართველო არ იყოს დამოკიდებული რუსეთზე ელექტროენერგიისთვის, რათა საქართველოს მოქალაქეებმა დენში მეტი არ გადაიხადონ. ეს ბალანსი რთული [დასაცავია], მაგრამ გამოსავალი არის ადგილობრივი საზოგადოების წუხილის მოსმენა და პროცესში მათი დასაწყისიდანვე ჩართვა”, — განაცხადა კელი დეგნანმა.

ევროკავშირის ელჩის თქმით კი, მნიშვნელოვანია, რომ ჰესთან დაკავშირებით საკითხები გამჭვირვალე იყოს.

“ამასთან დაკავშირებით მე მოვუწოდებ დიალოგის გახსნისკენ, პლატფორმისკენ, სადაც მხარეები შეძლებენ ჩართვას. ვფიქრობ, ამ საკითხებში მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და საკითხების შეფასება. ჩვენ ასევე მივესალმებით ევროკავშირის ენერგეტიკის შეთანხმების საზოგადოების მდივნის ჩართვას პროცესში, რაც, ჩემი აზრით, ორივე მხარის მიერ პოზიტიურად იქნება განხილული. იმედი მაქვს, ეს წინ წაწევს პროცესს ინკლუზიური მიმართულებით”, — განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი