ახალი ამბები

შუქრუთში 3-მა ქალმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა

24 მაისი, 2021 • 1181
შუქრუთში 3-მა ქალმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში ​აქციის მონაწილე სამმა ქალმა, რომლებიც პროტესტს რამდენიმე დღის წინ შეუერთდნენ, პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერეს.

პროტესტის მონაწილეები მოითხოვენ, რომ “ჯორჯიან მანგანეზმა” მათ სოფელში მადნის მოპოვება შეწყვიტოს ან დაზარალებულებს განსახლებისთვის ადეკვატური კომპენსაცია გადაუხადოს.

“4 დღეა ვშიმშილობთ ქალბატონები, ბიჭები შიმშილობენ უკვე მე-14 დღეა, 98 დღეა გარეთ ვართ და ყურადღების მომქცევი არ გვყავს არავინ, არც სახალხო დამცველი, არც სახელმწიფოს მხრიდან არავინ, ამიტომ დღეს მივიღეთ ქალბატონებმა გადაწვეტილება და ამოვიკერეთ პირი.

ჩემი სახლი ინგრევა, აქ ვინც ვართ, ყველას სახლი ინგრევა . ჩვენი გადაწყვეტილება ახლა მხოლოდ ორია: ან სიკვდილი, ან სიცოცხლე”, – უთხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ “მთავარ არხს”. 

სახალხო დამცველის წარმომადგენლები დღეს შეხვდნენ პტოტესტის მონაწილეებს და მათ პრობლემებს გაეცნენ.

მანამდე შუქრუთში მცხოვრებმა სამმა ადამიანმა, რომლებიც წლებია, „ჯორჯიან მანგანეზისგან“ ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ, 11 მაისს პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. ისინი ცენტრალური ხელისუფლებისგან ითხოვენ ყურადღებას. მოგვიანებით კიდევ 2-მა ადამიანმა ამოიკერა პირი.

სოფელ შუქრუთის მოსახლეობა არაერთი წელია აცხადებს, რომ მანგანუმის მომპოვებელი კომპანიის, „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმოებული სამუშაოების გამო ზარალდებიან — სახლებს ბზარები უჩნდება, ეზოებში მიწა სკდება, დაზიანდა გზა და ა.შ. პროტესტის მონაწილეები კომპანიის მხრიდან ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ, თუმცა კომპანია ამ მოთხოვნას არ ეთანხმება.

„ჯორჯიან მანგანეზის“ პოზიციით, ზიანი, რაზეც ჭიათურის სოფელ შუქრუთის მოსახლეობა მიუთითებს, კომპანიის საქმიანობას არ უკავშირდება, საბჭოთა პერიოდში წარმოებული სამუშაოებითაა გამოწვეული და ჯერ კიდევ იმ პერიოდშია კომპენსირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი