„5 წამი მომისმინეთ. თქვენ 5 უნივერსიტეტი გაქვთ დამთავრებული, შეიძლება, ათიც. მე ცხრა კლასის განათლებით ვარ. ლაპარაკში ვერ მოგიგებთ და არც ვაპირებ, რომ მოგიგოთ. მეკითხებით, რატომ ხართ ჩემზე გაბრაზებულიო. გლეხურად ვილაპარაკოთ, ადამიანო. 25 დღეა ვშიმშილობთ და პირველად მოხვედი. რაის სახალხო დამცველი ხარ?! სოფლურად რომ გითხრათ, თქვენ ჩვენთვის ხართ „მკვდარზე ვენოკი“. მეტი არაფერი არ მაქვს სათქმელი.“
ეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მკვიდრის სიტყვებია ლევან იოსელიანისადმი, როდესაც 25 სექტემბერს სახალხო დამცველი დემონსტრანტებთან შესახვედრად პარლამენტის წინ მივიდა. შუქრუთელები 11 სექტემბრიდან თბილისში იმყოფებიან და პარლამენტის წინ ათენებენ და აღამებენ, რამდენიმე მათგანი შიმშილობს.
ლევან იოსელიანი საუბრისას ცდილობდა ეთქვა, რომ მისი აპარატი შუქრუთელების საკითხს სწავლობს და პროტესტის მონაწილეებისგან მსგავსი სიტყვები მისთვის შეურაცხმყოფელია.
„რა უფლება მაქვს, შეურაცხყოფა მოგაყენო, კაცო. ღმერთმა თქვენს ოჯახში გაგიმარჯოთ. უბრალოდ, თქვენ ჩვენთვის არ წარმოადგენთ არაფერს. ხვალ შეიძლება მოვკვდე და რას ეტყვი მერე ჩემს ცოლს, მაგის საქმეს ვსწავლობდიო?! გეკითხები, პატივცემულო, რას ეტყვი ჩემს ცოლ-შვილს?“ — ეუბნება ლევან იოსელიანს პროტესტის მონაწილე შუქრუთელი.
სახალხო დამცველისა და შუქრუთელების საუბრის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს გვერდი „სოფელ შუქრუთის გადასარჩენად“, რომელსაც თავად შუქრუთელები მართავენ.
„გვრჩება განცდა, რომ თავად ლევან იოსელიანის უფლებები არ არის დაცული და ის უუფლებო სახალხო დამცველია“, — ამბობენ შუქრუთელები.
პარლამენტის წინ მედიასთან კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველმაც და მორიგჯერ აღნიშნა, რომ აპარატის უფლებამოსილებები შეზღუდულია.
„მე ადამიანებს ვერ მოვატყუებ, მით უმეტეს- მოშიმშილეებს, და ვერ ვეტყვი, რომ მე გადავუჭრი იმ პრობლემას, რომელიც ამდენი წელია, ვერ გადაიჭრა და საქმე ეხება იმ კომპენსაციებს, რომლებზე დავაც არის სასამართლოში. ისინი არ ეთანხმებიან კომპენსაციის რაოდენობას. გასაგებია, შეიძლება სამართლიანადაც არ ეთანხმებიან, მაგრამ სახალხო დამცველი ამაში ვერ ჩაერევა, რადგან ჩვენ არ გვაქვს ამის საშუალება, რომ ამაში ჩავერიოთ. კიდევ ერთხელ ვთხოვე, რომ წარმოადგინონ დოკუმენტაცია, რომ შევისწავლოთ და თუ იქნება სახალხო დამცველის რეკომენდაცია ან წინადადება გასაკეთებელი, ამაზე ვიმუშავებთ“, — აღნიშნა ლევან იოსელიანმა.
შუქრუთელებთან შეხვედრის შემდეგ ინფორმაცია გაავრცელა თავად სახალხო დამცველის აპარატმაც. შეხვედრისას შუქრუთელებმა მას უთხრეს, რომ კომპენსაციების საკითხამდე მისგან ელიან კომენტარს კარვის გაშლის აკრძალვასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველმა შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ დროებითი კონსტრუქციების განთავსება შეკრების თავისუფლებით არის დაცული და მოუწოდა სამართალდამცველებს, არ შეუზღუდონ პროტესტის მონაწილეებს შეკრების უფლება. სხვა დანარჩენთან დაკავშირებით სახალხო დამცველი ამბობს, რომ კომპენსაციის საკითხის გარდა, თუ შუქრუთელები თვლიან, რომ მათი უფლებები ირღვევა, ამისთვის ოფიციალურად უნდა მიმართონ სახალხო დამცველს, რომ მან საქმისწარმოება დაიწყოს.
„სახალხო დამცველი დამატებით შეისწავლის სოფელ შუქრუთში გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს და შესწავლის შედეგებს საპარლამენტო ანგარიშში ასახავს. ამასთან, ამ საკითხის შესწავლა არ უკავშირდება კონკრეტული პირების უფლებადარღვევის და პროტესტის თემატიკას“, — ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
შუქრუთელები ამბობენ, რომ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი” მადანს სოფლის მიწის ქვეშ მოიპოვებს, რის გამოც დასახლებას მიწის მთავარი საყრდენი გამოეცალა, რაც სახლების ნგრევის, ნიადაგის ჩავარდნის, მცენარეების უნაყოფობისა და ჭების ამოშრობის მიზეზი გახდა.
11 სექტემბრიდან ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების ნაწილი დედაქალაქში ჩამოვიდა. პროტესტის თბილისში გადმოტანას წინ უძღოდა 6-თვიანი უწყვეტი პროტესტი ჭიათურის მუნიციპალიტეტში.
1 სექტემბერს ოთხმა შუქრუთელმა პირი ამოიკერა, მათთან ერთად კიდევ ხუთი ადგილობრივი შიმშილობს. მათი მოთხოვნა ხელისუფლებისადმი პროცესში ჩართვაა. პროტესტის უკიდურესი ფორმის მიუხედავად, ხელისუფლება მათ არ ელაპარაკება.
პროტესტის მონაწილე მაღაროელები და ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ 2019-2021 წლის პროტესტის შედეგად მიღწეული შეთანხმების შესრულებას ითხოვენ. 2020 წელს, სოფელ შუქრუთის მოსახლეობასთან გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, კომპანიას წელიწადში 700 000 ლარიდან 1 000 000 ლარამდე უნდა გადაეხადა. „ჯორჯიან მანგანეზი“ ირწმუნება, რომ უკვე სამჯერ მეტი კომპენსაცია აქვს გაცემული. ადგილობრივების თქმით კი, კომპენსაცია მოსახლეობის მაქსიმუმ 5%-ს აქვს მიღებული.
წაიკითხეთ ამ თემაზე: