ახალი ამბები

ამნისტია არ გავრცელდეს თანამდებობის პირებზე – გახარიას გუნდის შეთავაზება

24 მაისი, 2021 • 926
ამნისტია არ გავრცელდეს თანამდებობის პირებზე – გახარიას გუნდის შეთავაზება

ექსპრემიერ გიორგი გახარიას თანაგუნდელი ანა ბუჩუკური საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიაზე კონსენსუსითვის წინადადებას სთავაზობს.

ბუჩუკურის თქმით, იმისთვის, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი კეთილსინდისიერად შესრულდეს, საჭიროა, მხარეები ამნისტიის კანონზე შეთანხმდნენ და ამისთვის სთავაზობს მათ, რომ ამნისტია თანამდებობის პირებზე არ გავრცელდეს, თუმცა შეეხოს ყველა პოლიციელს. აღნიშნული წინადადება ბუჩუკურმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე დააყენა, სადაც ამნისტიის კანონპროექტების განხილვა დღეს დაიწყო.

“შეთანხმება ნიშნავს იმას, რომ მხარეები რაღაცაზე უნდა შეთანხმდნენ. ერთმანეთს უნდა ეთანხმებოდნენ. სამწუხაროდ, დღეს არის წარმოდგენილი ორი სხვადასხვა პროექტი. ჩვენ შევთავაზეთ ორივე მხარეს კონსენსუსი იმისთვის, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი ჩაითვალოს კეთილსინდისიერად შესრულებულად. კერძოდ, შევთავაზეთ, რომ უმრავლესობამ გაიზიაროს ოპოზიციის პოზიცია და არ გაავრცელოს ამნისტია სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, ანუ იმ პირებზე, რომელთაც ეს თანამდებობა ეკავათ 2019 წლის 20 ივნისს. ამის სანაცვლოდ ოპოზიციამ დათმოს და ამნისტია გავრცელდეს ყველა პოლიციელზე ყოველგვარი მოთხოვნების და წინაპირობების გარეშე. ეს იქნება გზა იმისთვის, რომ მოხდეს კონსენსუსი, შეთანხმება და რეალურად, კეთილსინდისიერად შესრულდეს შარლ მიშელის დოკუმენტი. სხვა შემთხვევაში ,ვერავინ ვერ დაიბრალებს, რომ ეს შეთანხმება კეთილსინდისიერად შეასრულა”, —განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ამასთან, ბუჩუკური ხაზს უსვამს, რომ ყოფილ პრემიერს და 20 ივნისის მოვლენების დროს შს მინისტრს, გიორგი გახარიას “საამნისტიო არაფერი სჭირს”.

2019 20 ივნისის მოვლენების დროს შინაგან საქმეთა მინისტრი სწორედ გიორგი გახარია იყო. პარლამენტთან მიმდინარე აქციის დარბევისას პოლიციამ ძალა გამოიყენა. რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი, დაუზიანდა ჯანმრთელობა. 20 ივნისის შემდგომ აგორებული საპროტესტო ტალღის მთავარი მოთხოვნა სწორედ გიორგი გახარიას გადადგომა იყო, რადგან სწორედ მას მიიჩნევდნენ აქციის დარბევაზე მთავარ პასუხისმგებელ პირად.

მასალების გადაბეჭდვის წესი