ახალი ამბები

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება სირცხვილია – სამადაშვილი ბელარუსზე

24 მაისი, 2021 • 1289
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება სირცხვილია – სამადაშვილი ბელარუსზე

ფრაქცია “ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ არადეკვატურია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ბელარუსის მიერ კრიტიკოსი ჟურნალისტის დასაკავებლად ათენი-ვილნიუსის რეისის გადამისამართებაზე.

მისი თქმით, საგარეო უწყების განაცხადება არანაირად არ ასახავს არც შექმნილი ვითარების სიმწვავეს.

“ჩემი აზრით, სირცხვილია, რომ ჩვენს რეგიონში ქვეყანას, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ დემოკრატიის მაგალითი უნდა შექმნას სხვა სახელმწიფოებისთვის, მსგავს განცხადებას აკეთებდეს მისი საგარეო უწყება. მე დღეს მივმართავ პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტს, რომ როგორც მინუმუმ, კომიტეტის სახელით გაკეთდეს შესაბამისი ადეკვატური განცხადება მომხდართან დაკავშირებით. თუმცა მიმაჩნია, რომ ის, რაც მოხდა ბელარუსში, არის იმდენად შემაშფოთებელი და სახიფათო ზოგადად ჩვენი რეგიონისთვის, რომ პარლამენტმა შესაბამისი რეზოლუციის მიღება უნდა განიხილოს იმ საფრთხესთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს რეგიონში დღეს აქვს დემოკრატიას, და იმ უმძიმეს გამოწვევებზე, რომელიც დემოკრატიის თვალსაზრისით არსებობს სწორედ აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებში”, – განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, ფაქტიურად, “საერთაშორისო ტერორიზმის” ფაქტი მოხდა. სამადაშვილი მომხდარს ადარებს საქართველოს ტერიტორიიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცებას და ხაზს უსვამს, რომ ეს სწორედ “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში მოხდა.

“მე ვფიქრობ, რომ სრულიად ბუნებრივია “ქართული ოცნების” საგარეო უწყება მსგავსი არაფრის მთქმელი განცხადებით ეხმაურება ბელარუსში განვითარებულ მოვლენებს. იმიტომ, რომ საკუთარი პოლიტიკური შინაარსით “ქართული ოცნება” ბევრად უფრო ახლოს გრძნობს თავს ლუკაშენკოს რეჟიმთან, ვიდრე დემოკრატიულ სახელმწიფოებთან, რომელიც უკიდურესად აღშფოთებულები არიან მომხდარით[…] ეს შეიძლება შევადაროთ საქართველოს ტერიტორიიდან აფგან მუხთარლის გატაცებას საქართველოს ტერიტორიიდან”, – განაცხადა სამადაშვილმა.

“რაინეარის” რეისი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა, “საფრთხის არსებობის” მიზეზით მინსკში დასვეს, სადაც მგზავრები რამდენიმე საათით დააყოვნეს, განმეორებით შეამოწმეს, ხოლო ბორტზე მყოფი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს.

ევროპელმა პოლიტიკოსებმა აღნიშნული ფაქტი ტერორიზმად შეაფასეს და ალექსანდრე ლუკაშენკოს ხელისუფლების მიმართ მკაცრი რეაგირება დააანონსეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ზე ეხმაურება ბელარუსის მიერ კრიტიკოსი ჟურნალისტის დასაკავებლად ათენი-ვილნიუსის რეისის გადამისამართებას.

“მივესალმებით “რაინეარის” რეისის უსაფრთხო დაშვებას მისი თავდაპირველი დანიშნულების ადგილას – ვილნიუსში. მოხარული ვართ ბორტზე მყოფი ადამიანების გამო. ყველა მგზავრს უნდა ჰქონდეს უსაფრთხო მოგზაურობის თავისუფლება. მათი იძულებითი დაკავება ყოვლად მიუღებელია”, – წერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მასალების გადაბეჭდვის წესი