ახალი ამბები

ზოგს მაზერატი მოსწონს და ზოგს პორშე, მაგრამ არის მანქანები რომლებიც კარგად დადიან – იმნაძე “სინოვაკის” ვაქცინაზე

22 მაისი, 2021 • 1446
ზოგს მაზერატი მოსწონს და ზოგს პორშე, მაგრამ არის მანქანები რომლებიც კარგად დადიან – იმნაძე “სინოვაკის” ვაქცინაზე

“ძალიან კარგია, როცა ელოდები ბრენდებს, გასაგებია, რომ ზოგს მაზერატი მოსწონს და ზოგს პორშე, მაგრამ… არის მანქანები, რომლებიც კარგად დადიან… უამრავი გამოცდილება დაგროვდა, უამრავ ქვეყანაში გამოიყენეს [“სინოფარმის” და “სინოვაკის” ვაქცინები], ასეულ მილიონობით ადამიანია აცრილი ამ ვაქცინებით არა მარტო ჩინეთში, არამედ ჩინეთის გარეთაც”, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ “სინოვაკის” ვაქცინაზე საუბრისას.

მისი თქმით, ჩინური წარმოების “სინოვაკით” ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მან და ვაქცინაცინების მიმართულებით გამოცდილმა სხვა პირებმა ცოდნის საფუძველზე მიიღეს და ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობასაც იღებენ. მისი თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანას არ აქვს დასაკარგი დრო, “სინოვაკის” ვაქცინა კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას აუცილებლად მიიღებს.

ჟურნალსიტის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ “სინოვაკი” ჯანმოს ავტორიზაციას მომდევნო კვირას მიიღებს, იმნაძემ უპასუხა, რომ “თუ არ მიიღებს მომდევნო კვირას, მიიღებს იმის მომდევნო კვირას”. მისი თქმით, ამის გამო ქვეყანა დროს ვერ დაკარგავს.

“სინოვაკის” ვაქცინაზე რეგისტრაცია 21 მაისის 12:00 საათიდან გახდა შესაძლებელი. დედაქალაქში მალევე შეივსო აღნიშნული ვაქცინის ყველა ჯავშანი.

რაც შეეხება უშუალოდ ვაქცინაციის პროცესს, რეგისტრირებული პირები ვაქცინის მიღებას 24 მაისიდან შეძლებენ.

ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ ჩინური წარმოების “სინოვაკის” ვაქცინა, “სინოფარმის” მსგავსად, ტრადიციულ მეთოდზე, ანუ ინაქტივირებული ვირუსის მეთოდოლოგიაზე დამყარებული ვაქცინაა, რომელიც 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის გამოიყენება.

საქართველომ “სინოვაკის” 100 000 დოზა “სინოფარმის” ამდენივე დოზის ყიდვისას ჩინეთისგან უსასყიდლოდ მიიღო.

ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა 21 დღის ინტერვალით კეთდება.

უწყების განცხადებით, ოფიციალური მონაცემებით, სხვადასხვა ქვეყნებისთვის მიწოდებულია 260 მლნ დოზა სინოვაკის ვაქცინა.

აცრაზე რეგისტრაციისთვის დაჯავშნეთ დრო სასურველ კლინიკაში ვებ გვერდზე Booking.moh.gov.ge, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე – 1522

აღნიშნულ ვაქცინას, “სინოფარმისგან” განსხვავებით, ჯერჯერობით არ აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი