ახალი ამბები

რა უნდა ქნათ, თუ ვაქცინის მეორე დოზა გაგიცდათ? — იმნაძის განმარტება

21 მაისი, 2021 • 1893
რა უნდა ქნათ, თუ ვაქცინის მეორე დოზა გაგიცდათ? — იმნაძის განმარტება

კორონავირუსის ვაქცინის პირველი დოზით აცრილებმა, რომელთაც მეორე დოზა გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო გაუცდათ, შეუძლიათ, განცხადებით მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს და სხვა დროს აიცრან.

“ფაიზერის” ვაქცინის მეორე დოზა პირველი აცრიდან 21-30- დღიან შუალედში კეთდება. “ასტრაზენეკას” ვაქცინის პირველ და მეორე დოზებს შორის დასაშვები ინტერვალია 4 კვირიდან (28 დღე) 12 კვირამდე (84 დღე) პერიოდი. ამასთან, ბოლო მტკიცებულებებით 8-12- კვირიანი (56-84 დღე) ინტერვალი ოპტიმალურია უფრო მაღალი დამცველობითი იმუნიტეტის მისაღწევად.

თუმცა დაავადების მწვავე მიმდინარეობისას, თუ ადამიანს ტემპერატურა აქვს, აცრა არ კეთდება.

“თუ ადამიანი ავად არ გახდა და ისე, რაღაც მიზეზით გააცდინა მეორე დოზა, ამის აღდგენა ყოველთვის შეიძლება — საჭიროა შესაბამისი განცხადება ჯანმრთელობის სამინისტროში, რომ რაღაც მიზეზებით ადამიანმა მეორე დოზა ვერ მიიღო და არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, რომ შესაბამისი ვაქცინით მეორე დოზაზე შეთანხმება მოხდეს”, — განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამასთან, 300-ზე მეტ მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ. მათთვის მოქმედებს იგივე გაიდლაინი, რაც კოვიდგადატანილი ადამინებისთვის.

“რა თქმა უნდა, გვაქვს მეორე დოზის გაცდენების შემთხვევები. მაგალითად, “ფაიზერის” პირველი დოზით აიცრა 13 951, მეორე დოზით — 13 539. 300-ზე მეტია შემთხვევაა პირველი დოზის შემედეგ დაინფიცირების. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, ვინაიდან მხოლოდ პირველ დოზას ისეთი დაცვა არა აქვს, რომ ადამიანი არ დაინფიცირდეს. თუმცა მათშიც ძალიან იოლად წავიდა დაავადება. ამ შემთხვევაში ჯერჯერობით მუშაობს ზუსტად იგივე გაიდლაინი, ინფიცირების შემდეგ პირველ დოზასთან დაკავშირებით, ანუ აცრა შესაძლებელია კორონავირუსის გადატანიდან 120 დღის შემდეგ. უკვე გამოჩნდა ბევრი პუბლიკაცია, რომ შესაძლოა, კოვიდგადატანილებში ვაქცინის 1 დოზა საკმარისი იყოს, თუმცა ეს არ არის ისე მტკიცედ არგუმენტირებული, რომ ჯერჯერობით შეტანილი იქნას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინებში”, — აღნიშნა იმნაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსზე პირველი დოზით აცრილია 105 500 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი