ახალი ამბები

წულუკიანის მიერ გვარამიას ნომრის გასაჯაროება კანონსაწინააღმდეგოა – TI

2 თებერვალი, 2021 • 1204
წულუკიანის მიერ გვარამიას ნომრის გასაჯაროება კანონსაწინააღმდეგოა – TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ [TI] აცხადებს, რომ თეა წულუკიანის მიერ ნიკა გვარამიას ნომრის გასაჯაროება კანონსაწინააღმდეგოა და ახალისებს ნეგატიურ კამპანიას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა  – საქართველო“  ეხმიანება  „ქართული ოცნების“ წევრის და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის,  თეა წულუკიანის მიერ პარლამენტის სხდომაზე „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას პირადი მობილური ტელეფონის  ნომრის საჯაროდ გამოცხადებას, რითაც წულუკიანმა არა მხოლოდ დაარღვია  პერსონალური ინფორმაციის დამუშავების პრინციპები, არამედ კიდევ ერთხელ წაახალისა ნეგატიური კამპანია კრიტიკული მედიის ხელმძღვანელის წინააღმდეგ“, – ამბობს ორგანიზაცია.

TI ამბობს, რომ საჯარო ტრიბუნიდან მაღალი რანგის პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სხვისი პირადი ინფორმაციის გამჟღავნება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

„ნიკა გვარამია არ არის თანამდებობის პირი და, შესაბამისად, მისი პერსონალური ინფორმაცია არ არის საჯარო (44-ე მუხლი). ის კერძო ტელეკომპანიის დირექტორია და ამდენად, მისი სურვილის წინააღმდეგ, პირადი ტელეფონის ნომრის გასაჯაროება აღმაშფოთებელია,“.

„ხელისუფლების მხრიდან კრიტიკულ მედიაზე გახშირებული თავდასხმების, ნიკა გვარამიას მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების თუ დაწყებული საეჭვო გამოძიების, პირადი სატელეფონო ჩანაწერების გამოქვეყნების, მის ოჯახის წევრებზე თვალთვალისა და მისი შანტაჟის მცდელობის ფონზე,  წულუკიანის ეს ქმედება მმართველი პარტიის მხრიდან გვარამიას წინააღმდეგ მიმართულ კიდევ ერთ ანგარიშსწორებას ჰგავს“.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, საჯარო პირი და, მით უმეტეს, პარლამენტარი, უნდა იცავდეს და პატივს სცემდეს კანონმდებლობას, ბოროტად არ უნდა იყენებდეს საჯარო ტრიბუნას  და არ ახალისებდეს საზოგადოებაში დაპირისპირებას – „სამწუხაროდ, ყოფილი იუსტიციის მინისტრის შემთხვევაში ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ის კონფიდენციალური ინფორმაციის გავრცელებას ახალისებს. გასულ წელს, ომბუდსმენის თქმით, წულუკიანმა  პატიმრებთან მისი კონფიდენციალური ვიზიტი უკანონოდ გაასაჯაროვა,“. 

„მოვუწოდებთ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს, შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი და  მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. მოვუწოდებთ პარტია „ქართულ ოცნებას”, შეწყვიტოს კრიტიკული ტელევიზიის დირექტორის დევნა და უზრუნველყოს მისი სამოქალაქო უფლებების დაცვა“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.


“მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანმა პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან პირდაპირ ეთერში ხმამაღლა გამოაცხადა მისი ნომერი, ტელეფონზე უცნობი ადამიანების ზარები შედის. ამის შესახებ გვარამიამ საკუთარ ფეისბუკის გვერდზე დაწერა.

ამასთან, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გვარამიამ მიმართა სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, გამოეხმაუროს აღნიშნულ ფაქტს, თუ რამდენად სწორია უფლებრივად მისი პირადი ინფორმაციის გასაჯაროება.

წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გვარამიას ნომერი ალეკო ელისაშვილის საპასუხოდ გაასაჯაროვა, რომელმაც ამავე სხდომაზე თავისი ნომერი გამოაცხადა.

წულუკიანის მიერ გვარამიას ნომრის გასაჯაროების კანონიერებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეისწავლის

მასალების გადაბეჭდვის წესი