ნეტგაზეთი | “გვაბრალებენ იმას, რის წინააღმდეგაც ვიბრძვით” – თორნიკე ბარათაშვილი გელათზე ბრალდებაზე “გვაბრალებენ იმას, რის წინააღმდეგაც ვიბრძვით” – თორნიკე ბარათაშვილი გელათზე ბრალდებაზე – Netgazeti
Batumelebi | RU

“გვაბრალებენ იმას, რის წინააღმდეგაც ვიბრძვით” – თორნიკე ბარათაშვილი გელათზე ბრალდებაზე

გელათის სამონასტრო კომპლექსში შემავალი ტაძრებიდან ფრესკები ცვივა. ფაქტის ამსახველი ფოტო-ვიდეომასალა 18 მაისს ფეისბუქში თორნიკე ბარათაშვილმა გაავრცელა. ის ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლიას“ დამფუძნებელია. ორგანიზაცია ერთ წელზე მეტია გელათის სამონასტრო კომპლექსში რესტავრაციის შემდეგ გამოვლენილი ხარვეზების შესახებ აქვეყნებს დოკუმენტურ მასალებს.

ვიდეო მასალის გამოქვეყნების შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გელათში, ხარაჩოებზე ასვლა აკრძალა.

19 მაისს  სააგენტო  ფეისბუქზე გამოეხმაურა ჩამოცვენილი ფრესკების ამსახველ ვიდეოს და თორნიკე ბარათაშვილი ირიბად დაადანაშაულა ფრესკების დაზიანებაში. სააგენტოს განცხადებით, ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, 19 მაისს გელათში „ვითარების ადგილზე გასაცნობად“ სპეციალური ჯგუფი ჩავიდა.

„გაირკვა, რომ ის მასა, რაც სოციალურ ქსელში ორგანიზაციის „ევროპა ჩვენი სახლია“ მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს (და რასაც ამ ინფორმაციის გავრცელებისას მედიასაშუალებები იყენებენ), უნდა იყოს ტაძარში ფრესკების მონიტორინგის მიზნით განთავსებულ ხარაჩოზე გუშინ, 18 მაისს, ამავე ორგანიზაციის წარმომადგენლის, თორნიკე ბარათაშვილის ასვლის და გადაადგილების შედეგი, რასაც დამატებითი შესწავლა სჭირდება“, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძრის ინტერიერში რამდენიმე თვეა წყლის ინფილტრაციის ფაქტი აღარ დაფიქსირებულა.

„ბათუმელები“ ესაუბრა „ევროპა ჩვენი სახლიას“ ხელმძღვანელს თორნიკე ბარათაშვილს. ბარათაშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მას არაფერი გადაუღია ისეთი, რის შესახებაც საზოგადოებამ მანამდე არ იცოდა. მისი თქმით, საზოგადოების მაღალი რეზონანსი გამოიწვია იმან, რომ თუ აქამდე ესმოდათ „გელათში ფრესკები ცვივა“, ამჯერად ვიზუალურად ნახეს, როგორია პროცესი რეალურად.

„ეს ვიდეო მშრალი მასალაა, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე. ამან გამოიწვია შესაბამისი რეაქცია. გეტყვით, რომ ასეთი ფაქტები გახშირდა. გაფართოვდა დაზიანების არეალი და, შესაბამისად, პრობლემებმა თავი კიდევ უფრო იჩინა“, – ამბობს თორნიკე ბარათაშვილი და დეტალურად იხსენებს ვიდეოს გადაღების მომენტს.

„გელათში როდესაც მივდივარ, სულ ვეკითხები ხოლმე ტაძრის მომსახურე პერსონალს,  დამლაგებელს ან მესანთლეს, რაიმე სიახლე ხომ არ მომხდარა. იმიტომ, რომ ხშირია შემთხვევა, როდესაც იყრება ფრესკებიდან ფრაგმენტები, რომელიც მერე გააქვთ ნაგავსაყრელზე. იმ დღეს, როგორც კი შევედი, მესანთლე ქალმა მითხრა, აგერ ახლა ჩამოიყარა რამდენიმე წუთის წინ ეს მონაკვეთიო. ვიდეო გადავიღე მის თვალწინ. ეს იყო ყოველგვარი ხარაჩოზე ასვლის გარეშე.

ვიდეოზე ჩამოვარდნილი ფრაგმენტი არის იმ ტერიტორიიდან, რომელიც ხარაჩოს მიღმა მდებარეობს. ეს არის კამარიდან, ჯვრის ფრესკიდან ჩამოვარდნილი დეტალები. ამ ნაწილის ჩამოვარდნაზე არ შეიძლებოდა ვინმეს ზეგავლენა ჰქონოდა. ხარაჩოს სასიარულო პერიმეტრზე რაც ვარდება, ის იყრება თვითონ იქ და ის [ხარაჩო] სავსეა.  მაბრალებენ, რომ თითქოს ჩემი რაღაც მოძრაობის გამო მოხდა ეს. ჯერ ერთი, არ ვყოფილვარ იმ დღეს ხარაჩოზე და მეორე, იქ არის ჩამოყრილი ფრესკები. ეს არ არის რამე ახალი ამბავი“, – ამბობს თორნიკე ბარათაშვილი.

თორნიკე ბარათაშვილი „ბათუმელებს“ უყვება, რომ გელათში ფრესკების ფრაგმენტები ყოველდღიურად ცვივა. ჩამოცვენილ მასალებს კი ხვეტენ და ნაგავში ყრიან. რაც შეეხება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მხრიდან პერსონალურ კრიტიკას, თორნიკე ბარათაშვილის თქმით „სააგენტო ბოლშევიკური მეთოდებით“ მოქმედებს.

„სერიოზულად განხილვაში ვერ შევყვები იმ ადამიანებს, რომლებიც უბრალოდ ბოლშევიკური მეთოდებით მოქმედებენ – გვაბრალებენ იმას, რის წინააღმდეგაც ვიბრძვით ყოველდღიურად. ვარ სამოქალაქო აქტივისტი. ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი – თუკი საზოგადოება დაინტერესებულია ამ თემით დღეს, თუკი ოდნავ მაინც შეიცვალა პოზიციები, მათ შორის ჩემი დამსახურებაც არის. ხშირად მქონდა ნიჰილიზმის განცდა, თითქოს აღარავის აღარ აინტერესებდა გელათი, მაგრამ მაინც არ ვეშვებოდი იქიდან ინფორმაციის გამოტანას“, – ამბობს თორნიკე ბარათაშვილი.

თორნიკე ბარათაშვილს ეკუთვნის გელათის რესტავრაციის ხარვეზებით ჩატარების ამსახველი ყველაზე პოპულარული ფოტო. სწორედ ეს ფოტო გახდა თავის დროზე კატალიზატორი, რომლის შედეგადაც საზოგადოებამ გელათის სამონასტრო კომპელქსის პრობლემის შესახებ შეიტყო.


დღეს, 20 მაისს გელათის სამონასტრო კომპლექსში ფრესკების ჩამოცვენას გამოეხმაურა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი.

„მინდა ყველას გთხოვოთ, გამოვიყენებ ასეთ, ყველასათვის გასაგებ სიტყვას – ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე, იმიტომ, რომ ხარაჩოებზე ბოდიალი აზიანებს კიდევ უფრო მეტად იმ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ფრესკებს, რომელ მდგომარეობაშიც, სამწუხაროდ, ზოგიერთი ფრესკის ზოგიერთი კონკრეტული ნაწილი არის”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

„ევროპა ჩვენი სახლიას“ ხელმძღვანელისთვის, მინისტრის ეს განცხადება ნიშანდობლივია.

„მსგავს ლექსიკას რომ გამოიყენებს მინისტრი, ადვილია დაინახო, რა შეიძლება იყოს მიზანი ხელისუფლების. ამ შემთხვევაში მიზანი ნამდვილად არ არის პრობლემების გადაწყვეტა.

პირიქით, ეს არის შენიღბვა, საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება იმ კუთხით, რომ თითქოს სახელმწიფოს კი არაფერი დაუზიანებია იქ, არამედ არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ხელს უშლიან სახელმწიფოს კარგი საქმეების კეთებაში. მე შევახსენებ მათ, რომ წლებია ისინი მუშაობენ, ამ ხნის განმავლობაში პირდაპირ ანადგურებდნენ კულტურულ მემკვიდრეობას და დღეს იძახიან, რომ კირით ხუროებს და რაღაც სპეციალისტებს ეძებენ იქ მომავალში პრობლემების გადასაწყვეტად.

არცერთ ნაწილში, გელათის რესტავრაციას და რეაბილიტაციის პროცესს რაც ეხება, კონსერვაციას და ასევე არქეოლოგიას, არცერთ კომპონენტში არცერთი ადეკვატური ნაბიჯი არაა გადადგმული. დოკუმენტაციაც არ არსებობს და ამ ფონზე, რომ ახლა მე მადანაშაულებს მინისტრი წულუკიანი, მინიმუმ არაკომპეტენტურობას ნიშნავს. ნიშნავს იმას, რომ ვიღაც სხვა დაადანაშაულოს. თან ვინ? ვინც ამ ხნის განმავლობაში ყოველდღიურად ცდილობდა ყველა კონსტრუქციული გზით, მეთოდით, კომუნიკაციის მეთოდით, სიტუაცია ოდნავ მაინც გაუმჯობესებულიყო”, – ამბობს ბარათაშვილი.


მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის – გელათის სამონასტრო კომპლექსში შემავალი მთავარი ტაძარი დაზიანებულია. ვრცლად ამ თემაზე გირჩევთ:

რა დაემართა გელათს – ფაქტები და კომენტარები

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი