ახალი ამბები

მზად ვართ „სამხარაული“ ჩავრთოთ საქმეში, თუმცა, გარკვეული პირობით – „მანგანეზი“ შუქრუთზე

20 მაისი, 2021 • 1287
მზად ვართ „სამხარაული“ ჩავრთოთ საქმეში, თუმცა, გარკვეული პირობით – „მანგანეზი“ შუქრუთზე

ჭიათურაში მომუშავე კომპანია აცხადებს, რომ მზად არის, სოფელ შუქრუთში მოსახლეობის გაფიცვის პასუხად საკითხის შესწავლაში სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ჩართოს, თუმცა „მხოლოდ იმ პირობით, რომ მოლაპარაკება გადავა სამართლებრივ სივრცეში“.

ჭიათურის სოფელ შუქრუთში მცხოვრებმა სამმა ადამიანმა, რომელიც წლებია, „ჯორჯიან მანგანეზისგან“ ზარალის ანაზღაურებას ითხოვს, 11 მაისს პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. ისინი ცენტრალური ხელისუფლებისგან ითხოვენ ყურადღებას. მოგვიანებით კიდევ 2-მა ადამიანმა ამოიკერა პირი.

სოფელ შუქრუთის მოსახლეობა არაერთი წელია აცხადებს, რომ მანგანუმის მომპოვებელი კომპანიის, „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმოებული სამუშაოების გამო ზარალდებიან — სახლებს ბზარები უჩნდება, ეზოებში მიწა სკდება, დაზიანდა გზა და ა.შ. პროტესტის მონაწილეები კომპანიის მხრიდან ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ, თუმცა კომპანია ამ მოთხოვნას არ ეთანხმება.

სოფლის მოსახლეობის პრობლემები, რაზეც დემონსტრანტები ახლა მიუთითებენ, 2019 წლიდან გამწვავდა და დემონსტრაციებიც მაშინ დაიწყო. მოსახლეობამ 2019 წლის სექტემბერში გზა გადაკეტა და მანგანუმის მაღაროების მუშაობა გააჩერა.

სექტემბრის პროტესტის შემდეგ, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან“ ერთად, ქალაქის მერისა და სოფლის გამგებლის მონაწილეობით შეიქმნა კომისია, რომელსაც ზარალი უნდა შეესწავლა, ხოლო შემდეგ დაწყებულიყო ზარალის კომპენსაცია, თუმცა, ადგილობრივების თანახმად, კომისიის მუშაობას რეალური შედეგი არ მოუტანია.

„ჯორჯიან მანგანეზის“ პოზიციით, ზიანი, რაზეც ჭიათურის სოფელ შუქრუთის მოსახლეობა მიუთითებს, კომპანიის საქმიანობას არ უკავშირდება, საბჭოთა პერიოდში წარმოებული სამუშაოებითაა გამოწვეული და ჯერ კიდევ იმ პერიოდშია კომპენსირებული.

20 მაისს შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ფეისუბკის გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც წერია, რომ:

„მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანია შპს „შუქრუთი +“ მზად არის, სოფელ შუქრუთის რამდენიმე გაფიცული მოსახლის მოთხოვნა საცხოვრებელი სახლების შეფასების პროცესში სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ჩართულობასთან დაკავშირებით დააკმაყოფილოს მხოლოდ იმ პირობით, თუ ამ მოსახლეებთან ზიანის ანაზღაურების თაობაზე ჩიხში შესული მოლაპარაკება გადავა სამართლებრივ სივრცეში და წარმოქმნილ შეუთანხმებლობას გადაწყვეტს მართლმსაჯულება.

„ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს სამუშაოების მწარმოებელი კომპანია აზიანებს სოფელ შუქრუთის მოსახლეობას და არ უნაზღაურებს მათ შესაბამის ზარალს, არის ყალბი და მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება“, – აცხადებს „ჯორჯიან მანგანეზი“.

„ამას ადასტურებს მოსახლეობასთან გაფორმებული შესაბამისი მემორანდუმი, ხელშეკრულებები და უკვე გაცემული კომპენსაციები. ცნობისთვის, შპს „შუქრუთი +“ კომპენსაციებს 2020 წლის ივნისიდან გასცემს, რაც ჯამურად დღეისათვის 2 მილიონ ლარამდეა“, – წერს კომპანია.

„მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, კვლავ ძალაშია შეთავაზება გაფიცულებთან ინდივიდუალური ხელშეკრულებების გაფორმებაზე, რომელსაც სოფელ „ შუქრუთის“ მოსახლეობა, გარდა ამ რამდენიმე ოჯახისა, სრულად უერთდება. შეთანხმების შემთხვევაში გაფიცულები კომპანიის მხრიდან კომპენსაციას კონკრეტულ ვადებში, გეგმის მიხედვით მიიღებენ. აქვე განვმარტავთ, რომ ასანაზღაურებელი ზიანის თანხის ოდენობა შეფასებულია კერძო აუდიტორის მიერ ამ მოსახლეობის კუთვნილი მთელი ქონების საბაზრო, სარეალიზაციო ღირებულებაზე გაცილებით მეტად და ეს იმ გარემოებაში, როდესაც მთელი ქონება კვლავ რჩება სოფლის მოსახლეს“, – ირწმუნება „ჯორჯიან მანგანეზი“.

ჭიათურაში სამმა ადამიანმა პირი ამოიკერა – პროტესტი „ჯორჯიან მანგანეზის“ წინააღმდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი