ახალი ამბები

ჭიათურაში სამმა ადამიანმა პირი ამოიკერა – პროტესტი „ჯორჯიან მანგანეზის“ წინააღმდეგ

11 მაისი, 2021 •
ჭიათურაში სამმა ადამიანმა პირი ამოიკერა – პროტესტი „ჯორჯიან მანგანეზის“ წინააღმდეგ

ჭიათურის სოფელ შუქრუთში მცხოვრებმა სამმა ადამიანმა, რომელიც წლებია, „ჯორჯიან მანგანეზისგან“ ზარალის ანაზღაურებას ითხოვს, პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. ისინი ამჟამად ცენტრალური ხელისუფლებისგან ითხოვენ ყურადღებას.

სოფელ შუქრუთის მოსახლეობა არაერთი წელია, აცხადებს, რომ მანგანუმის მომპოვებელი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმოებული სამუშაოების გამო ზარალდებიან — სახლებს ბზარები უჩნდება, ეზოებში მიწა სკდება, დაზიანდა გზა და ა.შ.

პროტესტის მონაწილეები კომპანიის მხრიდან ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ, თუმცა კომპანია ამ მოთხოვნას არ ეთანხმება.

‼️ ჭიათურაში, “ჯორჯიან მანგანეზის” კოროხნალის მაღაროსთან სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა, რომლებიც 85-ე დღეა უწყვეტ…

Posted by მთის ამბები / mtisambebi.ge on Tuesday, May 11, 2021

11 მაისს 85-ე დღე სრულდება, რაც შუქრუთელები უწყვეტ რეჟიმში მართავენ საპროტესტო აქციებს. ორი კვირის წინ მათ ჭიათურის მერიის წინ სცადეს კარვის აღმართვა, თუმცა, როგორც ამბობენ, ამის საშუალება პოლიციის უფროსმა და ქალაქის მერმა არ მისცეს.

„ჭიათურა ყველაზე ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ გვახევს თავზე აქ მცხოვრებ ადამიანებს კონსტიტუციას „ჯორჯიან მანგანეზი“ და სახელმწიფოს წარმომადგენლებიც მათთან შეთანხმებულად მოქმედებენ“, – ამბობს „ნეტგაზეთთან“ საუბარში ერთ-ერთი დემონსტრანტი, გიორგი ნეფარიძე და მიუთითებს, რომ პოლიციასა და მერიას არ ჰქონდათ უფლება, მათთვის მერიასთან კარვის გაშლა დაეშალათ.

ამჟამად დემონსტრანტების კარავი შუქრუთში, კოროხნალის მაღაროსთან დგას.

„არანაირი ყურადღება რომ არ არის არავის მხრიდან, ამიტომ გავხდით იძულებულები, მიგვემართა პროტესტის ამ უკიდურესი ფორმისათვის და პირი ამოგვეკერა“, – უთხრა „ნეტგაზეთს“ გიორგი ნეფარიძემ.

„მოგვაქციონ უყრადღება. ამ პრობლემაზე კომპანიამ იმდენჯერ აიღო ჩვენთან სიტყვიერად პასუხისმგებლობა, მაგრამ ესენი უბრალოდ სიტყვებს არახუნებენ. ამიტომ ვითხოვთ, ამ პრობლემის გადასაჭრელად ცენტრალური ხელისუფლება ჩაერთოს“, – ამბობს გიორგი ნეფარიძე, შუქრუთის მკვიდრი.

სოფლის მოსახლეობის პრობლემები, რაზეც დემონსტრანტები ახლა მიუთითებენ, 2019 წლიდან გამწვავდა და დემონსტრაციებიც მაშინ დაიწყო. მოსახლეობამ 2019 წლის სექტემბერში გზა გადაკეტა და მანგანუმის მაღაროების მუშაობა გააჩერა.

სექტემბრის პროტესტის შემდეგ, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან“ ერთად, ქალაქის მერისა და სოფლის გამგებლის მონაწილეობით შეიქმნა კომისია, რომელსაც ზარალი უნდა შეესწავლა, ხოლო შემდეგ ზარალის კომპენსაცია დაწყებულიყო, თუმცა, ადგილორივების თანახმად, კომისიის მუშაობას რეალური შედეგი არ მოუტანია.

„ჯორჯიან მანგანეზის“ პოზიციით, ზიანი, რაზეც ჭიათურის სოფელ შუქრუთის მოსახლეობა მიუთითებს, კომპანიის საქმიანობას არ უკავშირდება, საბჭოთა პერიოდში წარმოებული სამუშაოებითაა გამოწვეული და ჯერ კიდევ იმ პერიოდშია კომპენსირებული.

გარეკანის ფოტო: „მთის ამბები“

მასალების გადაბეჭდვის წესი