ახალი ამბები

ჩვილი, რომელიც ნაადრევად, 860 გრამი დაიბადა და ექიმებმა გადაარჩინეს

19 მაისი, 2021 • 3081
ჩვილი, რომელიც ნაადრევად, 860 გრამი დაიბადა და ექიმებმა გადაარჩინეს

37 წლის ირინა ბერიძე 25 კვირის ორსული იყო, როცა გასული წლის ოქტომბერში ნაადრევად იმშობიარა. 25 კვირის ნაყოფი 860 გრამს იწონიდა, სიგრძე კი 31 სანტიმეტრი იყო.  პატარა გაბრიელის ჯანმრთელობის მდგომარეობა თავდაპირველად მძიმე იყო. ექიმების მუშაობამ შედეგი გამოიღო — ბავშვი გადარჩა და ახლა თავს კარგად გრძნობს.

პატარა გაბრიელმა გამოჯანმრთელებამდე კლინიკაში რთული, ოთხთვიანი გზა განვლო. ეს პერიოდი განსაკუთრებით რთული მისი მშობლებისთვის იყო, რადგან არ იცოდნენ, გადარჩებოდა თუ არა.

გაბრიელის დედა იხსენებს, რომ მისი ყოველი დილა ექიმებთან ზარებით და ჩვილის მდგომარეობაზე ნერვიულობით იწყებოდა:

“ყოველი გათენებული დღის მეშინოდა. ექიმებიც მეუბნებოდნენ, რომ არ ვიცით, ხვალ რა იქნებაო და მთელი ოთხი თვე ვნერვიულობდით”, — უთხრა ნეტგაზეთს ირინე ბერიძემ.

ირინა ჰყვება, რომ თავდაპირველად, სანამ ჩვილს ნახავდა, ეშინოდა კიდეც მისი ასეთ მდგომარეობაში ნახვის, რადგან ახალშობილს კანიც კი არ ჰქონდა განვითარებული და ძალიან პატარა ზომის იყო.

“საერთოდ არ მეგონა, თუ ასეთ მდგომარეობაში ბავშვის გადარჩენა შეიძლებოდა. საკეისროს რომ მიკეთებდნენ, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ მორჩა, ვერ გადარჩება—მეთქი. დღესაც ვერ ვიჯერებ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა”, — იხსენებს ჩვილის დედა.

საკეისრო კვეთიდან დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში დედას ჩვილის ნახვის უფლება არ ჰქონდა, რადგან არსებობდა საფრთხე, რომ მას ჩვილთან რაიმე ინფექცია შეეტანა, რაც ბავშვის მდგომარეობას გაართულებდა. თუმცა ერთი თვის შემდეგ დედას გაბრიელის ნახვის შესაძლებლობა მიეცა.

“ტირილში ვათენებდი და ვაღამებდი, ბევრი ვიწვალე. არ შემეძლო, რომ ბავშვი მენახა. ძალიან რთული იყო ემოციურად. ვერც გადმოგცემთ, რას განვიცდიდი. მეშინოდა, ცუდი არ გამეგო. ხომ შეიძლებოდა ცუდად დასრულებულიყო, ძალიან მძიმედ იყო ბავშვი”, — ამბობს ირინა.

ოთხთვიანი ბრძოლისა და მრავალი სირთულის შემდეგ მშობლებს შვილის სახლში წაყვანის შესაძლებლობა მიეცათ. ირინას თქმით, 7 თვის გაბრიელი ახლა ჯანმრთელია, თუმცა ექიმების მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდება.

ირინა ბერიძემ კლინიკა “ღია გულში” იმშობიარა და გაბრიელმა რეანიმაციის პერიოდი სწორედ ამ კლინიკაში გაიარა. კლინიკის რეანიმატოლოგის, ნანა ბარათელის თქმით, თავდაპირველად ჩვილის მდგომარეობა კრიტიკული იყო, თუმცა სწორი ჩარევებით მისი გადარჩენა მოხერხდა. ამასთან, გაბრიელის შემთხვევის დადებითად დასრულებას ხელი შეუწყო იმანაც, რომ ჩვილის დედა ფეხმძიმობის დროს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყო, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არსებობდა გარკვეული რისკები.

როგორც ბარათელმა აღნიშნა, გაბრიელი თავისი გესტაციური ასაკის შესაბამისი წონის დაიბადა, თუმცა სხვადასხვა გართულების გამო აუცილებელი იყო მისი ხანგრძლივი რეაბილიტაცია.

“როცა ხდება ნაადრევი წყლების დაღვრა, იზრდება ნაყოფის ინფიცირების რისკი. ამ შემთხვევაშიც პაციენტი იყო ინფიცირებული და რთული იყო მისი მართვაც. ასევე ჰქონდა მძიმე რესპირაციული დისტრესი და იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე, თუმცა, საბედნიეროდ, ხანგრძლივი მონიტორინგითა და მდგომარეობის კონტროლით მისი გადარჩენა მოხერხდა”, — განმარტა ბარათელმა.

ექიმის თქმით, ნაადრევი მშობიარობისას ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ ნაყოფის წონას აქვს. იმ შემთხვევაში, თუ ჩვილი 500 გრამზე მეტია, ის რეანიმაციულ განყოფილებაში თავსდება.

ბარათელის განმარტებით, გასულ წელს კლინიკაში 831 ბავშვი დაიბადა, ახალშობილების 1.6% კი 500-1000 გრამამდე იყო.

ფოტოზე: გაბრიელი ახლა/საოჯახო არქივი

მასალების გადაბეჭდვის წესი