ახალი ამბები

„VIP მომსახურება“ აცრის შემდეგ 150 ლარად – ღუდუშაურის კლინიკის არააუცილებელი სერვისი

19 მაისი, 2021 • 3438
„VIP მომსახურება“ აცრის შემდეგ 150 ლარად – ღუდუშაურის კლინიკის არააუცილებელი სერვისი

ღუდუშაურის კლინიკა მოქალაქეებს სთავაზობს, კორონავირუსზე აცრის შემდეგ 45 წუთით ცალკე პალატაში გაყვანასა და ექიმ-რეანიმატოლოგის პერსონალურ დაკვირვებაში 150 ლარი გადაიხადონ. რამდენად ეთიკურია ასეთი სერვისის შეთავაზება?


„ნეტგაზეთს“ კლინიკაშივე დაუდასტურეს, რომ ეს სერვისი ეპიდემიოლოგიურად აუცილებელი საჭიროებიდან არ გამომდინარეობს, ყველა ვაქცინირებულს ისედაც აკვირდებიან და ასეთი სერვისი ერთეული მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე შეიქმნა.

რა ხდება?

აკადემიკოს ოთარ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრში (მოკლედ – ღუდუშაურის კლინიკაში) მისულ პაციენტებს ასეთი განცხადება ხვდებათ გამოკრული:

კლინიკაში „მიმდინარეობს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ცენტრში მაქსიმალურად დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ვაქცინაციასთან დაკავშირებით დაწესებული ყველა პირობა და ვაქცინაციის ხარჯებს სახელმწიფო ფარავს“.

ამას გარდა, განცხადებიდან ვიგებთ, რომ კლინიკა დამატებით „VIP მომსახურებასაც“ სთავაზობს პაციენტებს:

„სტანდარტული ვაქცინაციის გარდა, ცენტრს გააჩნია შესაძლებლობა, პაციენტის სურვილის შემთხვევაში, ვაქცინაციის შემდგომი დაკვირვების პერიოდი გაატაროს რეანიმატოლოგების ბრიგადის მეთვალყურეობის ქვეშ ინდივიდუალურ გარემოში (მაღალი კლასის VIP სერვისი)“.

მითითებულ ნომერზე დარეკვის შემდეგ პაციენტებს სთხოვენ, უთხრან დრო, თუ ზუსტად როდის არიან ჩაწერილები ასაცრელად და ჰპირდებიან დეტალების მოგვარებას. „ნეტგაზეთმა“ გაარკვია, რომ ეს მომსახურება, სულ მცირე, 150 ლარი ჯდება.

ინფორმაცია თავდაპირველად ინტერნეტგამოცემა „პუბლიკამ“ გაავრცელა.

კლინიკა: „მოთხოვნიდან გამომდინარე“

ღუდუშაურის კლინიკის პრესასთან ურთიერთობის სამსახურში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ ეს სერვისი რამდენიმე პაციენტის (ვაქცინაციაზე მისული ადამიანის) მოთხოვნის საფუძველზე მიიღეს.

კლინიკაში გვითხრეს, რომ „სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებული ვაქცინაცია და 45-წუთიანი დაკვირვება ერთი სერვისია, რომელიც ყველა მომხმარებელს მიეწოდება ყველა სტანდარტის დაცვით, ექიმ-რეანიმატოლოგის დაკვირვება კი ამ უფასო მომსახურებაში შედის“.

თუმცა, კლინიკის განმარტებით, „აღმოჩნდნენ პაციენტები, – ბევრი არა, მაგრამ რამდენიმე, – ვისაც არ უნდა ამ საერთო სივრცეში მოცდის პერიოდის, 45 წუთის გატარება და სურს ინდივიდუალური პალატა. ეს სერვისი გულისხმობს უბრალოდ ცალკე პალატას და პერსონალურ ექიმს, რომელიც დააკვირდება მის სიმპტომებს“.

კლინიკა ხაზს უსვამს, რომ ასეთი სერვისის მიწოდება ხდება „მხოლოდ ამ შემთხვევაში, თუ ექნება ასეთი სურვილი, თორემ სტანდარტულად, ვაქცინაცია და შემდგომი დაკვირვება ყველა პაციენტისთვის არის უფასო“.

„ნეტგაზეთის“ კითხვაზე, თუ რამდენად იყო საჭირო და აუცილებელი ასეთი სერვისის მიწოდება, თქვეს, რომ „საჭირო იყო პაციენტის მოთხოვნიდან გამომდინარე“. კლინიკაში ასევე დაგვიდასტურეს, რომ ეს სერვისი ეპიდემიოლოგიურიად აუცილებელი საჭიროებიდან არ გამომდინარეობს.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა ჯანდაცვის სამინისტროსა და NCDC-ის დირექტორს, ამირან გამყრელიძეს კითხვით, რამდენად ეთიკურად მიაჩნიათ აღნიშნული სერვისი. პასუხს მიღების შემთხვევაში შემოგთავაზებთ.

ღუდუშაურის კლინიკა „ქართული ოცნების“ პარლამენტარის, ელგუჯა გოცირიძის ოჯახს ეკუთვნის.

მასალების გადაბეჭდვის წესი