არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ასევე ბაჰრეინში აპირებენ, „სინოფარმის“ ვაქცინით აცრილ პირებს მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზის (გამაძლიერებელი) გაკეთება შესთავაზონ.
„სინოფარმის“ ვაქცინა, რომელიც საემიროებში ყველაზე ფართომასშტაბიანად გამოიყენეს, უკვე არის ავტორიზებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.
“ბუსტერ დოზა ნაწილია ქვეყნის პროაქტიული სტრატეგიის, რათა უზრუნველყოს მაქსიმალური დაცულობა”, – განაცხადა ფარიდა ალ-ჰოსანიმ, საემიროების ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელმა.
საემიროების ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მესამე დოზა ხელმისაწვდომი იქნება მათთვის, ვინც ვაქცინა უკვე გაიკეთა და მის მიერ მეორე დოზის მიღებიდან ექვს თვეზე მეტი გავიდა. პრიორიტეტი მესამე დოზის გაკეთებისას მიენიჭებათ სამედიცინო და სხვა მუშაკებს, 50 წლის ასაკის გადაცილებულ მოქალაქეებს და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს.
ამასთან ერთად, მარტის მონაცემებით, წერს „ნეიშენელი“, მესამე დოზა უკვე გაუკეთეს პირებს, რომლებსაც არ წარმოექმნათ ანტისხეულები „სინოფარმის“ ორი დოზის მიღების შემდეგ.
არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სრულწლოვანი მოსახლეობის 74 პროცენტია აცრილი. სინოფრამის გარდა ქვეყანაში სპუტნიკი და ფაიზერიც გამოიყენება.








