ახალი ამბები

5 თვეში 160 მილიონი ლარის სახელმწიფო ქონებაა პრივატიზებული – თურნავა

19 მაისი, 2021 • 796
5 თვეში 160 მილიონი ლარის სახელმწიფო ქონებაა პრივატიზებული – თურნავა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მიმდინარე წლის პირველ 5 თვეში 160 მილიონი ლარის სახელმწიფო ქონებაა პრივატიზებული.

მისი თქმით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალთან შედარებით, დაბალი ბიზნესაქტივობის ფონზე, რაც  იმ პერიოდში კორონავირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის გამო იყო გამოწვეული, მეორე კვარტალში ეკონომიკური აქტივობა “საგრძნობლად გამოცოცხლებულია” და ეს აისახა სახელმწიფო ქონების პრივატიზების შედეგებზეც.

თურნავას თქმით, პრივატიზაციის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კამპანიის ფარგლებში „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“  150 ახალი ობიექტის აუქციონზე გამოტანა დაანონსდა.

„მხოლოდ ამ ორ დღეში, 17-18 მაისს, აუქციონზე გასაყიდად 27 ლოტი გამოვიტანეთ, რომელთა საწყისი ღირებულება 39 მილიონ ლარზე მეტი იყო.  ძალიან მაღალი ინტერესის, კონკურენციისა და ვაჭრობის შედეგად, 72 მილიონ ლარზე მეტი – პრაქტიკულად, თითქმის გაორმაგებული ფასი მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტმა“, – აღნიშნა თურნავამ.

როგორც თურნავა ამბობს, სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან მიღებული 160 მილიონი ლარი სხვადასხვა დონის ბიუჯეტებს შორის გადანაწილდება.

„დღეის მდგომარეობით უკვე შეგვძილია ვთქვათ, რომ სახელმწიფო ბიჯეტის გეგმა თითქმის 70%-იანი გადაჭარბებით შევასრულეთ. ასე რომ, პრივატიზაციის გეგმა  ძალიან სწრაფად, წინსწრებით შესრულდება.  რა თქმა უნდა, პრივატიზების გაცილებით უფრო დიდი პოტენციალი გვაქვს  და უახლოეს პერიოდში საზოგადოებას ამასაც გავაცნობთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 17-18 მაისს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დასრულებულ ელექტრონულ აუქციონებზე  ვაჭრობა 27 ლოტზე შედგა, რომელთა საწყისი  ფასიც 39,207,800 ლარი იყო. მათივე ცნობით, ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დასრულებული აუქციონების საბოლოო შედეგმა 72,835,800 ლარი შეადგინა და აუქციონის შედეგად გაყიდული ქონების ღირებულება საწყის ფასთან შედარებით 86 პროცენტით გაიზარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი