ახალი ამბები

ყველაზე მეტი სარეკლამო შემოსავალი ისევ იმედსა და რუსთავი 2-ს აქვს – კომუნიკაციების კომისია

18 მაისი, 2021 • 1189
ყველაზე მეტი სარეკლამო შემოსავალი ისევ იმედსა და რუსთავი 2-ს აქვს –  კომუნიკაციების კომისია

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, 2021 წლის პირველ კვარტალში ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3%-ით გაიზარდა და 14.5 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 13.2 მილიონი ლარი პირდაპირ რეკლამასა და სპონსორობაზე მოდის.

ყველაზე დიდი სარეკლამო შემოსავალი, წინა წლის ანალოგირ პერიოდის მსგავსად, ისევ ტელეიმედს აქვს – 5.3 მილიონი ლარი, რითაც რამდენიმეჯერ აღემატება რუსთავი 2-ს, რომელსაც ტელეიმედის შემდეგ ყველაზე დიდი სარეკლამო შემოსავალი აქვს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ტელეიმედის და რუსთავი 2-ის სარეკლამო შემოსავლებში კლება დაფიქსირდა. სარეკლამო შემოსავლების კლება აქვთ ასევე მთავარი არხსა და საზოგადოებრივ მაუწყებელს.

ჯამური  სარეკლამო შემოსავლების ზრდა ტელეკომპანია პირველს, სილქნეტს, ფორმულას, ასევე პოსტვის, ჯი-დი-ეს  თი-ვის და რ.ბ.ჯ-ს ჰქონდა.

არხების მიხედვით სარეკლამო შემოსავლები ასე გადანაწილდა:

  • ტელეიმედი – 5.3 მილიონი ლარი
  • რუსთავი 2 – 2.0 მილიონი ლარი
  • მთავარი არხი – 1.9 მილიონი ლარი
  • ტელეკომპანია პირველი – 1.2 მილიონი ლარი
  • სილქნეტი – 0.8 მილიონი ლარი
  • ფორმულა – 0.7 მილიონი ლარი
  • პოსტვ – 0.7 მილიონი ლარი
  • ჯი-დი-ეს თი-ვი – 0.6 მილიონი ლარი
  • რ.ბ.ჯ – 0.2 მილიონი ლარი
  • საზოგადოებრივი მაუწყებელი – 0.2 მილიონი ლარი
  • სხვა – 1.0 მილიონი ლარი

შედარებისთვის, 2020 წლის პირველ კვარტალში ტელეიმედის  სარეკლამო შემოსავალი 5 404 783 ლარი იყო, რუსთავი 2-ის
– 2 555 286 ლარი, საზოგადოებრივი მაუწყებლის – 438 038 ლარი; ტელეკომპანია პირველის – 927 809 ლარი; მთავარი არხის – 1 859 641 ლარი; სილქნეტის – 229 656 ლარი; ჯი-დი-ეს თი-ვის – 437 105 ლარი და პოსტვ-ს – 465 590 ლარი.

სარეკლამო შემოსავლები მოიცავს პირდაპირ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებსა და ტელეშოფინგს.

რაც შეეხება რადიომაუწყებლების სარეკლამო შემოსავლებს, 2021 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-ით შემცირდა. რადიოების სარეკლამო შემოსავლებმა ჯამურად 1.4 მილიონი ლარი შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი