ახალი ამბები

კორპუსიდან, რომელსაც ცეცხლი ეკიდა, ქალი გადმოვარდა

18 მაისი, 2021 • 1076
კორპუსიდან, რომელსაც ცეცხლი ეკიდა, ქალი გადმოვარდა

თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე, კორპუსიდან, რომელშიც ხანძარი იყო, ქალი გადმოვარდა. ინფორმაცია ნეტგაზეთს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში დაუდასტურეს.

ქალი ამჟამად კლინიკაშია გადაყვანილი. პირველადი ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

ხანძარი იოსებიძის ქუჩაზე მეხანძრეებმა დღეს დილით ჩააქრეს. ამავე კორპუსიდან მეხანძრეებმა რამდენიმე მცხოვრებელი გამოიყვაეს, მათ შორის, რამდენიმე ბავშვი.

ადგილზე მისული სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი მე-5 სართულზე გაჩნდა, რამაც ხანძრის ზედა სართულებზე გავრცელება გამოიწვია. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

თბილისის მერიის ინფორმაციით, გაჩენილი ხანძრის გამო, იოსებიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა შეზღუდულია. მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, მოძრაობა ჩაკეტილია ვაჟა-ფშაველასა და პეკინის გამზირების კვეთაზე არსებულ არქივის შენობასთან. ყაზბეგის გამზირიდან გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მარჯვნივ მოხვევით, პეკინის გამზირის მიმართულებით, ხოლო გაგარინის ქუჩიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით, გადაადგილება შესაძლებელია კანდელაკის ქუჩის დახმარებით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოძრავი მარშრუტები გადაადგილდებიან კანდელაკის ქუჩის მიმართულებით და იონა ვაკელის ქუჩის გავლით სვლას ვაჟა-ფშაველას გამზირზე განაგრძობენ. პეკინის გამზირისკენ მოძრავი მარშრუტები იონა ვაკელის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირების დახმარებით პეკინის გამზირზე გადაადგილდებიან. მარშალ გელოვანის გამზირისკენ მიმავალი მარშრუტები ამჟამად, შარტავას ქუჩის გავლით გაგარინის ქუჩის მიმართულებით მოძრაობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი