ახალი ამბები

გლოვო: კურიერების უმრავლესობასთან შეთანხმებას მივაღწიეთ და ბლოკი მოეხსნებათ

17 მაისი, 2021 • 2049
გლოვო: კურიერების უმრავლესობასთან შეთანხმებას მივაღწიეთ და ბლოკი მოეხსნებათ

მიტანის სერვისის კომპანია „გლოვო“ „ნეტგაზეთთან“ საუბარში აცხადებს, რომ ადმინისტრაციამ კურიერების უმრავლესობასთან შეთახნმებას მიაღწია, დანარჩენებთან კი მოლაპარაკებები გრძელდება.

„გლოვოს“ კურიერებმა მორიგი დემონსტრაცია 16 მაისს დაიწყეს. ისინი საბონუსე სისტემასა და ასანაზღაურებელ მანძილთან დაკავშირებულ ცვლილებებს აპროტესტებენ. მათ მიაჩნიათ, რომ ცვლილებები ანაზღაურებას შეუმცირებთ.

იმავე დღეს „გლოვოს“ 50-ზე მეტ კურიერს აპლიკაციაში ანგარიში დაებლოკათ, რაც მათთვის ხელშეკრულების შეწყვეტის ტოლფასი იყო.

მათ თანახმად, ისინი პროტესტის გამოხატვის გამო დაისაჯნენ, კომპანია კი აცხადებს, რომ კურიერთა დაბლოკვის მიზეზი მათ მიერ „რესტორნების დაბლოკვის ფაქტები იყო“.

თავდაპირველად კომპანიაში „ნეტგაზეთსაც“ დაუდასტურეს ინფორმაცია, რომ ანგარიშების დაბლოკვა ფაქტობრივად ხელშეკრულების გაწყვეტას ნიშნავდა, თუმცა 17 მაისს კომპანიაში გვითხრეს, რომ ანგარიშის დაბლოკვა აუცილებლად ხელშეკრულების შეწყვეტას არ გულისხმობს. კომპანიის თანახმად, სურვილის შემთხვევაში, თუკი დარღვევებზე უარს იტყვიან, კურიერებს მუშაობის გაგრძელება შეეძლებათ.

ბოლოს, 17 მაისს, დაახლოებით 18:45 საათისთვის „ნეტგაზეთს“ კომპანიაში განუცხადეს, რომ ცოტა ხნის წინ დასრულდა „გლოვერებთან“ (კურიერებთან) შეხვედრა, რის შედეგადაც მიაღწიეს შეთანხმებას დემონსტრანტთა უმრავლესობასთან.

კომპანიაში გვითხრეს, რომ შეთანხმების თანახმად:

  • კურიერებს, რომლებსაც ანგარიშები დაუბლოკეს და რომლებთანაც ახლა შეთანხმებას მიაღწიეს, ბლოკი მოეხსნებათ;
  • სანაცვლოდ ისინი მუშაობას გააგრძელებენ ახალი პირობებით.

კურიერების ნაწილი „ნეტგაზეთთან“ საუბარში აცხადებენ, რომ ადმინისტრაციისგან მიიღეს ანგარიშების განბლოკვის დაპირება, თუმცა კომპანიის შეთავაზებულ სამუშაო პირობებზე კვლავ არ თანხმდებიან და პროტესტს აგრძელებენ.

მასალა დამატებითი ინფორმაციით განახლდება. „ნეტგაზეთი“ ასევე შემოგთავაზებთ ვრცელ სტატიას „გლოვოს კურიერების“ ბოლოდროინდელ ამბებთან დაკავშირებით.

ცვლილებები

კომპანიის განცხადებით, განხორციელდა 3 ცვლილება, მათ შორის:

  • საბონუსე სისტემაში

„ძველი სისტემის მიხედვით, პარტნიორი კურიერები იღებდენენ ყოველკვირეულ ბონუსს. ეს ნიშნავს, რომ პარტნიორ კურიერებს უწევდათ შეესრულებინათ შეკვეთების გარკვეული რაოდენობა, რათა კვირის ბოლოს მიეღოთ კუთვნილი სახელფასო დანამატი, რაც საკმაოდ დიდ დროის რესურსსა და ენერგიას მოითხოვდა. ამიერიდან, მოიხსნება ყოველკვირეული ბონუსები და ისინი ყოველდღიურად, სხვადასხვა საათზე გადანაწილდება. ეს პოზიტიური ცვლილება გულისხმობს, რომ კვირის განმავლობაში, გლოვერებს ნებისმერ დროს შეეძლებათ ბონუსის გამომუშავება და არ ექნებათ შეკვეთების კონკრეტული ლიმიტები ამ დამატებითი ანაზღაურების მისაღებად“, – აცხადებენ კომპანიაში.

  • ასანაზღაურებელი მანძილი

„არსებული სისტემის ფარგლებში, ანაზღაურდებოდა შეკვეთის მიღებიდან მომხმარებლამდე მიტანის მანძილი. ახალი სისტემის მიხედვით, ანაზღაურდება მხოლოდ ობიექტიდან მომხმარებლამდე არსებული მანძილი, თუმცა, სიახლის შესაბამისად, იზრდება საბაზისო ანაზღაურება: 2 ლარის ნაცვლად, საბაზისო თანხა შეიცვლება 2.3 ლარით და ყოველი განვლილი კილომეტრისთვის პარტნიორი კურიერები 0.4 ლარის ნაცვლად, 0.5 ლარს გამოიმუშავებენ“.

  • ყოველდღიურად დაშვებული მაქსიმალური სამუშაო საათების რაოდენობა

„აქამდე, პარტნიორ კურიერებს შეეძლოთ აპლიკაციის საშუალებით ყოველდღიურად მაქსიმუმ 12 საათის არჩევა. თუმცა ამიერიდან, საერთაშორისო რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების რეგულაციების გათვალისწინებით, მაქსიმალური სამუშაო დროს რაოდენობა 10 საათამდე შემცირდება“, – უთხრეს „ნეტგაზეთს“ „გლოვოში“.

მასალების გადაბეჭდვის წესი