ახალი ამბები

თუ აუცილებლობაა, პრემიერ-მინისტრიც უნდა ჩაერთოს — ქადაგიშვილი დმანისზე

17 მაისი, 2021 • 912
თუ აუცილებლობაა, პრემიერ-მინისტრიც უნდა ჩაერთოს — ქადაგიშვილი დმანისზე

“ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ქადაგიშვილი დმანისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ საჭიროა, სიტუაციის ძალიან სწრაფად  განმუხტვა და თუ საჭირო გახდა, ადგილზე პრემიერ-მინისტრიც უნდა ჩავიდეს.

“დასაგმობია ის ვითარება, რაც გუშინდელი დღიდან სპონტანურად განვითარდა დმანისის მუნიციპალიტეტში. მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ კიდევ უფრო მეტი და კიდევ უფრო სწრაფი რეაგირება უნდა მოახდინოს. ყოველი საათი ასეთი მოვლენების განვითარების დროს არის ძალიან ძვირფასი. მე ვფიქრობ, ხელისუფლება უმაღლეს დონეზე უნდა ჩაერთოს იმისათვის, რომ იქ სიტუაცია სასწრაფოდ იქნას განმუხტული[…] ვგულისმობ მინისტრსაც, თუ ამის აუცილებლობა არის, პრემიერ-მინისტრსაც”, — განაცხადა ქადაგიშვილმა.

დმანისში სვანეთიდან ჩამოსახლებულ ეკომიგრანტებსა და ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებს შორის ორი დღეა, დაპირისპირებაა. გუშინ, 16 მაისს მედიაში გავრცელდა სათვალთვალო კამერის მიერ დაფიქსირებული კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ჩხუბობს მოქალაქეთა ორი ჯგუფი ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიასთან. მაღაზიის მფლობელის თქმით, კონფლიქტი ეთნიკურად ქართველი მოქალაქეების მხრიდან ლუდის “ნისიად” ყიდვის თხოვნას და მასზე უარს მოჰყვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დმანისში მიმდინარე დაპირისპირებაზე განცხადება გაავრცელა და მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა, რათა კონფლიქტი ეთნიკურ დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს.

დმანისში იმყოფებიან: შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილი, “ქართული ოცნების” დეპუტატი სოზარ სუბარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი