ახალი ამბები

დმანისი: ოპოზიცია მთავრობას უმოქმედებაში ადანაშაულებს და შს მაღალჩინოსნების გადადგომას ითხოვს

17 მაისი, 2021 • 975
დმანისი: ოპოზიცია მთავრობას უმოქმედებაში ადანაშაულებს და შს მაღალჩინოსნების გადადგომას ითხოვს

ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს, დმანისში განვითარებულ მოვლენებზე ზომები მიიღოს.

“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ მიმართა სახელმწიფო უწყებებს, “დროულად გაატარონ ზომები, რათა მოხდეს ორი მხარის დაზავება და საკითხის მშვიდობიანი მოგვარება. ასეთი გულგრილი დამოკიდებულება საკუთარი მოსახლეობის მიმართ დაუშვებელია. ასევე მოვუწოდებ დაპირისპირებულ მხარეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, რათა ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის ხელოვნურად ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდას არ შევუწყოთ ხელი”, — განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

“ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, დმანისში განვითარებული მოვლენები საფრთხეს წარმოადგენს არა მარტო ადგილობრივებისთვის, არამედ მთელი ქვეყნის ინტერესებისთვის და სამოქალაქო თანხმობისთვის.

“ბუნებრივია, ყოფითი ინციდენტი ყველგან შეიძლება მოხდეს და ზოგჯერ ამ ყოფით ინციდენტში სხვადასხვა თემის წარმომადგენლები იყვნენ ჩართული, მაგრამ ის, როგორც განვითარდა მოვლენები, რა განწყობაც ტრიალებს, უაღრესად შემაშფოთებელია. მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს მოვუწოდო სიმშვიდისკენ, ძალადობისგან თავის შეკავებისგან, მაგრამ, პირველ რიგში, უნდა მოვუწოდოთ შსს-ს და პოლიციის ხელმძღვანელობას, რომ გამოვიდნენ დამკვირვებლის როლიდან. მათი ფუნქციაა ძალადობის აღკვეთა სწრაფად. საათების განმავლობაში ვხედავთ ძალადობას, რომლის აღკვეთას ვერ ან არ ახერხებს პოლიცია”, — განაცხადა ბოკერიამ და დასძინა, რომ დმანისში განვითარებული მოვლენები ხელისუფლების მიერ ეთნიკური და რელიგიური შუღლის გაღვივების და ორგანიზებული დანაშალებრივი ჯგუფების და ძალადობის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების შედეგია.

პარტიის „პროგრესი და თავისუფლება“ ლიდერი, დმანისისა და ბოლნისის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილიც საუბრობს “ქართული ოცნების” მიერ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ კრიმინალური დაჯგუფებების შექმნაზე, რამაც გააჩინა დაუსჯელობის სინდრომი.

განვითარებულ მოვლენებზე მთელი პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, ხოლო სამართლებრივი — სრულიად უმოქმედო სამართალდამცავ ორგანოებს. მოვითხოვ, გადადგეს დმანისისა და მთელი ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელობა! ისინი დაუყოვნებლივ დათხოვნილი უნდა იქნან პოლიციის რიგებიდან!” — აცხადებს ოქრიაშვილი.

ენმ-ის წევრ რომან გოცირიძის შეფასებით, დმანისში მოვლენების დარამატულად განვითარებაზე პასუხისმგებელია სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელობა, რომელმაც სწორად ვერ შეაფასა არსებული ვითარება.

“არ იყო მობილიზებული საკმარისი ძალები. შინაგან საქმეთა მინისტრი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს”, — წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში.

“ლელოს” წევრი ანა ნაცვლიშვილი ასევე ყურადღებას ამახვილებს ხელისუფლების მხრიდან რეაგირების ნაკლებობაზე.

“ეს ხელისუფლება უკვე არის საშიში და სახელმწიფოსაც უქმნის საფრთხეს, იმიტომ, რომ მათთვის, როგორც ჩანს, კანონი და საპოლიციო ძალის გამოყენება არის ექსკლუზივი იმ აქციების წინააღმდეგ, რომლებზეც ხელისუფლების პოლიტიკას აპროტესტებენ. სხვა სიტუაციებში ეფექტური რეაგირება არასდროს გვინახავს”, — განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

დმანისში სვანეთიდან ჩამოსახლებულ ეკომიგრანტებსა და ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებს შორის ორი დღეა, დაპირისპირებაა. გუშინ, 16 მაისს მედიაში გავრცელდა სათვალთვალო კამერის მიერ დაფიქსირებული კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ჩხუბობს მოქალაქეთა ორი ჯგუფი ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიასთან. მაღაზიის მფლობელის თქმით, კონფლიქტი ეთნიკურად ქართველი მოქალაქეების მხრიდან ლუდის “ნისიად” ყიდვის თხოვნას და მასზე უარს მოჰყვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დმანისში მიმდინარე დაპირისპირებაზე განცხადება გაავრცელა და მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა, რათა კონფლიქტი ეთნიკურ დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს.

დმანისში ფიზიკური დაპირისპირება გრძელდება

 

მასალების გადაბეჭდვის წესი