ახალი ამბები

“ოცნების” წევრები დმანისის მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ

17 მაისი, 2021 • 1267
“ოცნების” წევრები დმანისის მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ

“ქართული ოცნების” წევრები ეხმაურებიან  დმანისში მიმდინარე მოვლენებს და ხაზს უსვამენ, რომ ადგილობრივებს შორის კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე დაიწყო.

უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი ადგილობრივებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.

“პირველ რიგში, მინდა, რომ დმანისის საზოგადოებას კიდევ ერთხელ მივმართო, რომ ყველამ სიმშვიდე შეინარჩუნოს. კონტროლდება სიტუაცია. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ მოძმე აზერბაიჯანელებთან ერთად თანაცხოვრება მოიცავს მრავალ ას წელიწადს. არ გამოვრიცხავ, რომ არსებობენ გარკვეული ტიპის პიროვნებები, ვისაც აქვს სურვილი, რომ მოხდეს გარკვეული ტიპის დაპირისპირება ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და ქართველებს შორის[…] ყოფითი კონფლიქტი რაც იყო, ამის შემდეგ აგორდა სიტუაცია და სწორედ ამიტომ მინდა, რომ მივმართო დმანისის საზოგადოებას, სიმშვიდე შეინარჩუნონ. ყველა პოლიციელი უზრუნველყოფს იმას, რომ იყო სიმშვიდე დმანისში და ზოგადად საქართველოში”, — განაცხადა მაჭარაშვილმა “რუსთავი 2-თან”.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ სიტუაცია დამშვიდდეს და ამის შემდეგ უნდა დაიწყოს იმაზე მსჯელობა, რამდენად ოპერატიულად იმოქმედეს სამართალდამცავებმა.

“მყისიერად იქნა ადგილზე ჩართული სამართალდამცავი უწყება, ასევე ადგილობრივი თვითმართველობა არის ხელმძღვანელობის სახით ჩართული, დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი არის ჩართული. გამომდინარე აქედან, პირადი ურთიერთობებით და, რაც მთავარია, დმანისის საზოგადოების რესურსის გამოყენებით, დარწმუნებული ვარ, რომ ეს კონფლიქტი მოგვარდება[…]

ამ ეტაპზე ხელი უნდა შევუწყოთ იმას, რომ დმანისში სიტუაცია დამშვიდდეს და არ უნდა დავიწყოთ იმ მიზეზების ძიება, რის გამოც ეს მასშტაბები მიიღო ამ პროცესმა. დარწმუნებული ვარ, გამოძიება დაადგენს იმას, რა მოხდა და კონფლიქტის შემდეგ ვინ გააგრძელა, ვის ჰქონდა სურვილი, რომ ეს კონფლიქტი მასშტაბებში გაზრდილიყო და ა.შ. არ ყოფილა ასეთი შემთხვევა, გამოძიებას არ დაედგინოს ის პირები, ვისაც სურდა, რომ ყოფითი პრობლემა გადაეზარდა ასეთ მასშტაბურ დაპირისპირებაში”, — განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, ადგილზე იმყოფება დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი და  “ნებისმიერ შემთხვევაში ადგილზე იქნებიან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, რეგიონული წარმომადგენლობა და ა.შ.”.

როგორც მაჭარაშვილი ამბობს, არის რესურსი, რომ ეს კონფლიქტი დასრულდეს და არ არის აუცილებელი, რომ “ჭიქაში ქარიშხალი ვეძებოთ”.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი ამბობს, რომ პოლიცია დამნაშავეებს გამოავლენს.

რასაც ვუყურებდით, ეს ყველაფერი მოხდა ერთი წუთის განმავლობაში და შეიძლება ერთ წუთში პოლიცია ვერ მისულიყო, მაგრამ ძალიან მალე ყველა პირის იდენტიფიცირება მოხდა და თითოეული ადამიანის დაკითხვა მიმდინარეობს, დამნაშავეები იქნებიან გამოვლენილი და პასუხს აგებენ[…]

ეს იყო აბსოლუტურად ჩვეულებრივ კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე, მაღაზიაში შესვლა ლუდის მოთხოვნასთან დაკავშირებით. არანაირ ეთნიკურ კონფლიქტზე საუბარი არ შეიძლება იყოს”, — განაცხადა სოზარ სუბარმა.

დმანისის მერი გიორგი ტატუაშვილი “რუსთავი 2-თან” ამბობს, რომ პირადად იმყოფება მოვლენების ეპიცენტრში. მისი თქმით, აუცილებელია, რომ ვისაც მოსმენა და საუბარი შეუძლია, დასხდნენ, “გაინიავონ თავები” და საკითხები მშვიდობიანად გადაწყვიტონ.

“მე მაქვს მოლოდინი, რომ ეს სიტუაცია დალაგდება იმიტომ, რომ უდანაშაულო ადამიანები ერთმანეთს არ უნდა უსწორდებოდნენ. ვიღაცის სპეკულაციის გამო, რომ თითქოს რაღაც ეთნიკურ ჭრილში იყო, ვიღაცამ სპეკულაცია გააკეთა და უნდა, რომ აქედან რაღაც შექმნას. ეს არ გამოვა და ყველას ესმის, ორივე დაპირისპირებულ მხარეს. ვმუშაობთ, რომ დავალაგოთ საკითხი მეგობრულად და პასუხისგებაში ვინც არის მისაცემი, სამართალდამცავებს შესაძლებლობა მიეცეთ, რომ იმუშაონ და პასუხისგებაში მისცენ ის ადამიანები, ვინც დააშავა. დანაშაულს დანაშაულით არ უნდა უპასუხოს არავინ, ყველას უნდა ესმოდეს[…]

გამოსავალია, რომ ახალგაზრდებთან უფროსები უნდა დასხდნენ და ვისაუბროთ. ყველა რესურსს გამოვიყენებ, პირადად ჩავერთვები, რომ ადამიანებს დაველაპარაკო და ურთიერთობა დალაგდეს”, — აცხადებს დმანისის მერი.


დმანისში სვანეთიდან ჩამოსახლებულ ეკომიგრანტებსა და ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებს შორის ორი დღეა, დაპირისპირებაა. გუშინ, 16 მაისს მედიაში გავრცელდა სათვალთვალო კამერის მიერ დაფიქსირებული კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ჩხუბობს მოქალაქეთა ორი ჯგუფი ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიასთან. მაღაზიის მფლობელის თქმით, კონფლიქტი ეთნიკურად ქართველი მოქალაქეების მხრიდან ლუდის “ნისიად” ყიდვის თხოვნას და მასზე უარს მოჰყვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დმანისში მიმდინარე დაპირისპირებაზე განცხადება გაავრცელა და მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა, რათა კონფლიქტი ეთნიკურ დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი