ახალი ამბები

ფალავანდიშვილის მიერ ინსტალაციის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო — შსს

15 მაისი, 2021 • 1783
ფალავანდიშვილის მიერ ინსტალაციის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო — შსს

გურამ ფალავანდიშვილის მიერ 17  მაისთან დაკავშირებული ინსტალაციის დაზიანების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

როგორც “ნეტგაზეთს” უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 156-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს დევნას, ჩადენილს ძალადობით ან ძალადობის მუქარით. ფალავანდიშვილი გამოკითხვაზეა გადაყვანილი.

ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დედაენის ბაღში წარმოდგენილი ინსტალაცია გურამ ფალავანდიშვილმა 15 მაისს დააზიანა.

ფალავანდიშვილმა, რომელიც “ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების” თავმჯდომარედ პოზიციონირებს და ჰომოფობიურ აქტივობებში ხშირად მონაწილეობს, “ნეტგაზეთს” ინფორმაცია დაუდასტურა და თავისი ქმედების მიზეზად ინსტალაციის შინაარსი დაასახელა.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა “თბილისი პრაიდმა” და შსს-სგან ფალავანდიშვილის დაკავება მოითხოვა. აქტივისტები ასევე მოუწოდებენ სახელმწიფოს, დაიცვას ადამიანების ჯანმრთელობა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება.

ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან(17 მაისი) დაკავშირებით შსს-მ განცხადება გუშინ გაავრცელა. უწყების თანახმად, 15-20 მაისს, თბილისში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სხვადასხვა სახის ღონისძიებაა დაგეგმილი.

“საჯარო სივრცეში დაგეგმილი ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით, ორგანიზატორების წერილობითი მომართვის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათთან კომუნიკაციისას განიხილა უსაფრთხოების დაცვის მექანიზმები და ღონისძიებების ჩატარების ალტერნატიული ადგილები, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ღონისძიების გასამართი ადგილი უცვლელი დარჩა.

პოლიცია უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს”, — ამბობდა უწყება.

გურამ ფალავანდიშვილმა 17 მაისთან დაკავშირებული ინსტალაცია დააზიანა

მასალების გადაბეჭდვის წესი