ახალი ამბები

„მიაქციეთ ყურადღება შუქრუთელებს“ – „სოც.სამართლიანობის ცენტრი“ ხელისუფლებას

14 მაისი, 2021 • 1127
„მიაქციეთ ყურადღება შუქრუთელებს“ – „სოც.სამართლიანობის ცენტრი“ ხელისუფლებას

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC) ხელისუფლებას მოუწოდებს, დროულად გამოეხმაურონ და მიაქციონ ყურადღება ჭიათურაში მოშიმშილე და პირამოკერილი დემონსნტანტების მოთხოვნებს.

ჭიათურის სოფელ შუქრუთში მცხოვრებმა სამმა ადამიანმა, რომელიც წლებია, „ჯორჯიან მანგანეზისგან“ ზარალის ანაზღაურებას ითხოვს, 11 მაისს პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. ისინი ამჟამად ცენტრალური ხელისუფლებისგან ითხოვენ ყურადღებას.

სოფელ შუქრუთის მოსახლეობა არაერთი წელია აცხადებს, რომ მანგანუმის მომპოვებელი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმოებული სამუშაოების გამო ზარალდებიან — სახლებს ბზარები უჩნდება, ეზოებში მიწა სკდება, დაზიანდა გზა და ა.შ. პროტესტის მონაწილეები კომპანიის მხრიდან ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ, თუმცა კომპანია ამ მოთხოვნას არ ეთანხმება.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, რომელიც წლებია, გარემოსდაცვითი და შრომის უსაფრთხოებისა და უფლებების კუთხით ჭიათურაში მიმდინარე მოვლენებს აკვირდება, აცხადებს:

„იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია ფაქტიურად განუსაზღვრელი ლიცენზიის პირობებში საქმიანობს და გაუმჭვირვალე პრაქტიკებით გამოირჩევა, მოსახლეობის წუხილი იმის შესახებ, რომ მოპოვება ზიანს აყენებს მთელი სოფლის ბუნებრივ და სოციალურ გარემოს, დაუყოვნებლივ შესწავლას და რეაგირებას იმსახურებს“.

ორგანიზაციის შეფასებით, მდგომარეობას ამწვავებს ის ფაქტიც, რომ „არასათანადო ზედამხედველობის პირობებში მიმდინარე მოპოვებითი სამუშაოები საფრთხის შემცველია ადამიანთა ჯანმრთელობისთვის და შესაძლოა გამოუსწორებელ ზიანს აყენებდეს რეგიონის ბუნებრივ გარემოს“.

„უგულებელყოფილი პროტესტი“ და „გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა“

ყოფილი EMC მიუთითებს, რომ მიუხედავად იმისა, პროტესტი 2019 წლის შემოდგომაზე დაიწყო, ადგილობრივი ხელისუფლება მას სისტემატიურად უგულებელყოფს, რაც სოფლის მოსახლეობას ტოვებს მომპოვებელი კომპანიის პირისპირ.

„ამასთან, „ჯორჯიან მანგანეზი“ საკუთარ პასუხისმგებლობას თავს არიდებს და, მიუხედავად სიტყვიერი დაპირებებისა, მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარს ამბობს. შედეგად, დღეს წინააღმდეგობის მონაწილეები იძულებულნი არიან, პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართონ“, – წერია ორგანიზაციის მიერ 14 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც „ნეტგაზეთს“ განუცხადა ერთ-ერთმა დემონსტრანტმა, გიორგი ნეფარიძემ, ორი კვირის წინ დემონსტრანტებმა ჭიათურის მერიის წინ სცადეს კარვის აღმართვა, თუმცა ამის საშუალება პოლიციის უფროსმა და ქალაქის მერმა არ მისცეს.

„ჭიათურა ყველაზე ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ გვახევს თავზე აქ მცხოვრებ ადამიანებს კონსტიტუციას „ჯორჯიან მანგანეზი“ და სახელმწიფოს წარმომადგენლებიც მათთან შეთანხმებულად მოქმედებენ“, – ამბობს „ნეტგაზეთთან“ საუბარში ერთ-ერთი დემონსტრანტი, გიორგი ნეფარიძე და მიუთითებს, რომ პოლიციასა და მერიას არ ჰქონდათ უფლება, მათთვის მერიასთან კარვის გაშლა დაეშალათ.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, ეს „გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევაა“.

ყოფილი EMC ასევე მიუთითებს, რომ სოფელ შუქრუთის მოსახლეობა მათი საცხოვრებელი გარემოსა და ქონებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას უკვე რამდენიმე წელია ითხოვს, ხოლო „ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან შუქრუთის მოსახლეობის მოთხოვნების მიმართ გამოვლენილი გულგრილობა არა მხოლოდ ამ სოფელში, არამედ მთლიანად ჭიათურაში არსებული სოციალური და ეკოლოგიური კრიზისისთვის დამახასიათებელია“.

რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ?

ყველაფრის გათვალისწინებით, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს, „ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისთვის, უზრუნველყონ გამჭირვალე, სამართლიანი პროცესის წარმოება მიყენებული ზიანისა და კომპენსაციის განსასაზღვრად“.

ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შუქრუთის მოსახლეობას პროტესტის თავისუფლად გამიხატვის საშუალება მისცეს; ადგილობრივ ხელისუფლებას მოსახლეობასთან დიალოგისკენ უბიძგებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს კი შუქრუთის ტერიტორიის ინსპექტირებისკენ და კომპანიის საქმიანობის სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობის შემოწმებისკენ მოუწოდებს.


გარეკანის ფოტო: „მთის ამბები“

ვრცლად:

ჭიათურაში სამმა ადამიანმა პირი ამოიკერა – პროტესტი „ჯორჯიან მანგანეზის“ წინააღმდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი